დღესასწაულები ესპანური კულტურისა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყველაზე საყვარელი დღესასწაულები კი, მოგეხსენებათ, ხარების მონაწილეობით ტარდება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილია პამპლონაში ჩატარებული სან-ფერმინი.

ყოველწლიურად, 6-დან 14 ივლისამდე, პამპლონა იქცევა ქალაქად, სადაც „ფიესტას“ არომატი ყველა მოედანზე და ყველა ქუჩაზე იგრძნობა. ამ დღეებში ქალაქი ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წმინდანისა და ისტორიული ნავარის მფარველის, წმინდა ფერმინის დღესასწაულს აღნიშნავს.

როგორ იწყება ყველაფერი

ყველაფერი 6 ივლისის შუადღეს პამპლონის მერიის აივნიდან რაკეტას (ჩუპინაზოს) სროლით იწყება. ამ მომენტიდან 14 ივლისის შუაღამემდე ქალაქი ჩაფლულია გაუთავებელ მხიარულებაში, რაც, შეუჩერებლივ, 204 საათის განმავლობაში გრძელდება.

სან-ფერმინი დღესასწაული პამპლონაში. ხარები მისდევენ ხალხს

.

სან-ფერმინის ყველაზე სანახაობრივ ნაწილს ხარებისა და ადამიანების რბოლა წარმოადგენს. ეს სიგიჟე, რომელსაც ესპანეთში ენსიერო ეწოდება, 7-დან 14 ივლისამდე ყოველდღე დილის 8 საათზე იწყება და სულ რაღაც 3 წუთი გრძელდება.

რბოლის წინ ხარები ჩამოყავთ სან-დომინგოს ბაკებში, რომლებიც ქალაქ პამპლონას მერიის უკან მდებარეობს. ესტაფეტის მონაწილეები დილის 7 საათიდან იკრიბებიან და პოლიციისა და ქალაქის მერის ინსპექციას ელიან. შემდეგ ისინი პოზიციებს იმ გზის გასწვრივ იკავებენ, რომელზეც ხარებმა უნდა გაირბინონ. გამოცდილი მონაწილეები არასდროს გარბიან 50 მეტრზე მეტს. ამის მერე ისინი მოაჯირებზე ხტებიან და სანახაობას დანარჩენ მაყურებლებთან ერთად ადევნებენ თვალყურს.

სანამ ხარებს პამპლონას ქუჩებში გაუშვებენ, მონაწილეები მფარველობას წმინდა ფერმინს სთხოვენ, რომლის ქანდაკება მერიასთან დგას. მონაწილეები მღერიან ესპანურ და ბასკურ ენებზე და აფრიალებენ გახვეულ გაზეთებს (ენსიეროს მონაწილის აუცილებელი ატრიბუტი). ლოცვა სამჯერ სრულდება: 07-55, 07-57 და 07-59 საათზე.

ზუსტად დილის 8 საათზე ბაკიდან უშვებენ 12 გააფთრებულ ხარს, რომლებიც, მაყურებელთა შეძახილების ფონზე, ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებს იპყრობენ.

სან-ფერმინი დღესასწაული პამპლონაში. ხარები მისდევენ ხალხს

.

ესტაფეტის სიგრძე 849 მეტრს შეადგენს. ხარების საშუალო სიჩქარე დაახლოებით 25 კმ/სთ-ია. არენაზე შესასვლელ კართან არსებული დაქანების გამო უკანასკნელი მეტრები ენსიეროს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მონაკვეთს წარმოადგენს. ამ ადგილას ესტაფეტის მონაწილეებს ხშირად უცურდებათ ფეხი და ისინი ხარების მსხვერპლი ხდებიან. 2013 წელს ყველაზე მძიმე ტრავმა მიიღო მამაკაცმა, რომელიც სწორედ ამ ადგილას წაიქცა. ენსიეროს კიდევ ერთი სახიფათო ადგილი - არენის შესასვლელია, სადაც მონაწილეთა და ხარების ერთგვარი საცობი წარმოიქმნება.

ფესტივალზე გარდაცვლილთა სტატისტიკა

ოფიციალური მონაცემებით, 1924 წლიდან მოყოლებული, სან ფერმინის დღესასწაულზე 38 კაცი დაიღუპა, 800-ზე მეტი კი დაშავდა. ყველაზე მძიმე სწორედ 1924 წელი აღმოჩნდა, როდესაც 15 ადამიანი დაიღუპა. ბოლო ტრაგიკული ამბავი 2009 წელს მოხდა: ხარმა, სახელად კაპუჩინო, ესტაფეტის ბოლო მონაკვეთზე წაქცეულ 27 წლის მამაკაცს ყელი თავისი რქით გაუხვრიტა.

სან-ფერმინი დღესასწაული პამპლონაში. ხარები მისდევენ ხალხს

.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება საკმაოდ სახიფათოა, მონაწილეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ივლისის დასაწყისში ადამიანები მთელი მსოფლიოდან ჩადიან პამპლონაში, რათა ადრენალინის დიდი დოზით დაიმუხტონ. ყველაზე მეტი დაზარალებული სწორედ უცხოელ ტურისტებს შორისაა. ისინი ნაკლებად იცნობენ ქალაქსა და ესტაფეტის ნიუანსებს და ხშირად ისე არიან ჩაფლულები საყოველთაო მხიარულებაში, რომ უსაფრთხოების ზომებს ივიწყებენ. აღსანიშნავია, რომ ეს ზომები ჯერ კიდევ 1867 წელს მიიღეს.

ღონისძიების შემდეგი ეტაპი

დილის გარბენის დასრულებისთანავე იწყება საზეიმო მსვლელობა - მუსიკოსებისა და გიგანტური თოჯინების აღლუმი. დღესასწაულის მონაწილეებისთვის გახსნილია ბაზრობები, აუცილებელი ატრიბუტი კი, რა თქმა უნდა, ღვინოა. საღამოს არენაზე იმართება კორიდა, რომელშიც პროფესიონალი ტორეადორები მონაწილეობენ. პამპლონას არენა ერთ-ერთი ყველაზე დიდია ესპანეთში და 20 000 მაყურებელს იტევს. სან-ფერმინის დღესასწაულზე 3 მილიონამდე ტურისტი ჩადის, ამიტომ ბილეთების შეძენაზე წინასწარ უნდა იზრუნოთ.

სან-ფერმინი დღესასწაული პამპლონაში. ხარები მისდევენ ხალხს

.

იმის გამო, რომ პამპლონას და ახლომდებარე დასახლებული პუნქტების სასტუმროები ამ დღეებში გადატენილია, ფასები დაახლოებით ათჯერ იზრდება. უამრავი ტურისტი ღამეს პირდაპირ გაზონზე ათენებს.

მიუხედავად დღესასწაულის ბევრი სახიფათო ასპექტისა, სან-ფერმინი ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული სანახაობაა ესპანეთში, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ეწვიოთ. გარბენში მონაწილეობის მიღება სულაც არ არის აუცილებელი. შეგიძლიათ დაჯავშნოთ ადგილები აივანზე, საიდანაც კომფორტულად (და უსაფრთხოდ!) შეძლებთ ესტაფეტასთვის თვალყურის დევნებას ესპანურ ღვინოსთან ერთად, საღამოს კი ჩაერთვებით მხიარულებაში და რეგიონის კულტურასა და ტრადიციებს გაეცნობით.

სან-ფერმინის დღესასწაულის ისტორია

სან-ფერმინის დღესასწაულის პირველი ხსენება XIII საუკუნის ქრონიკებშია დაფიქსირებული. XVI საუკუნემდე დღესასწაულს ოქტომბრის თვეში აღნიშნავდნენ და ის წმინდა ფერმინის ხსენების დღეს უკავშირდებოდა. თანდათან დღესასწაულმა დაკარგა თავისი თავდაპირველი რელიგიური ხასიათი: XIV-ე საუკუნიდან იწყებენ ბაზრობებისა და კორიდის ჩატარებას. 1591 წელს, შემოდგომის არამდგრადი ამინდების გამო, პამპლონის მერიამ მიმართა ეპისკოპოსს თხოვნით, რომ წმინდანის ხსენების დღე 7 ივლისისთვის გადაეტანათ.

ერნესტ ჰემინგუეის როლი სან-ფერმინის „პიარში“

დღესასწაულმა, რომელიც თავდაპირველად ადგილობრივი მნიშვნელობის იყო, მაქსიმალურ პოპულარობას XX საუკუნეში ერნესტ ჰემინგუეის წყალობით მიაღწია. მწერალი პამპლონაში პირველად 1923 წლის 6 ივლისს ჩავიდა და სამუდამოდ მოიხიბლა ქალაქის ატმოსფეროთი. მისი ცნობილი რომანის, „ფიესტას“, მოქმედება სწორედ ამ დღესასწაულის სამშობლოში ვითარდება. რომანმა მწერალს საყოველთაო აღიარება მოუტანა. მკითხველი ისე მოიხიბლა ჰემინგუეის მიერ აღწერილი ხარების რბოლით, რომ სადღესასწაულო დღეებში ქალაქში ჩამოსვლა უამრავმა ადამიანმა დაიწყო, რათა თავად განეცადათ მწერლის მიერ აღწერილი ემოციები. განსაკუთრებული პოპულარობით სან-ფერმინი ბრიტანელებში, ამერიკელებში და ავსტრალიელებში სარგებლობს.

სან-ფერმინი დღესასწაული პამპლონაში. ხარები მისდევენ ხალხს

.

უცვლელი ტრადიცია

დღესასწაულის ტრადიციები ასწლეულების მანძილზე არ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით გარბენის დაწყების განრიგს. შუა საუკუნეებში რბოლა დილის 6 საათზე იწყებოდა. შემდეგ მისი დაწყება 7 საათზე იქნა გადატანილი, ახლა კი რბოლა დილის 8 საათზე იწყება. უცვლელი ღონისძიებებია: სან-ფერმინის საპატივცემულოდ რბოლის შემდეგ მესის შესრულება, მსვლელობა ქალაქის ქუჩებში სან-ფერმინის ქანდაკებით ხელში და სახალხო ბაზრობა.

1867 წელს, ხელისუფლების მიერ დღესასწაულის აკრძალვის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გამოიცა წესების კრებული, რომელიც არეგულირებდა ენსიეროს მონაწილეთა ქცევას, რათა შემცირებულიყო ტრავმატიზმისა და სიკვდილიანობის დონე.

14 ივლისს, ღამის 12 საათზე, მოედანზე, სადაც უამრავი ადამიანია შეკრებილი სანთლებით ხელში, გამოდის პამპლონის მერი, რომელიც დღესასწაულის ოფიციალური დახურვის შესახებ აცხადებს. მისი გამოსვლა სრულდება ფოიერვერკით, თუმცა მხიარულება გრძელდება დილამდე... მომდევნო წელს კი ყველაფერი თავიდან იწყება.