9 ივნისს საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 28 წელი სრულდება.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, დაამყარა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები და გახსნა საელჩო თბილისში, რამაც მისცა ძლიერი სტიმული ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული და კულტურული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის არსებობს რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი, რაც წარმოადგენს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხთა განხილვის მნიშვნელოვან ფორმატს.

ჩინეთი და საქართველო მხარს უჭერენ ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთმა უამრავი პროექტის ინვესტირება უზრუნველყო, რამაც საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე დადებითი გავლენა იქონია. ბევრი ჩინური კომპანია წარმატებულად ოპერირებს საქართველოში ისეთ სექტორებში როგორიცაა: მშენებლობა, გზები და ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, საბანკო სფერო და სხვა. ასევე, იზრდება ორმხრივი ვაჭრობა და საქართველოში ჩინელ ვიზიტორთა რიცხვი; ვითარდება ურთიერთობები კულტურისა და განათლების სფეროებში.

2019 წლის 28 იანვარს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ საქართველოს ბიზნეს-სახლი გაიხსნა. აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქცია თავისი მრავალფეროვანი ასორტიმენტით პირველად წარდგა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალური წარმომადგენლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუში 2017 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობაა.

2012 წლის თებერვლიდან ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მიანიჭა „ტურიზმისთვის ხელსაყრელი ქვეყნის სტატუსი“ (Approved Destination Status), რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობის ზრდას.

წელს ჩვენი ქვეყნები, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ურთულესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. საქართველო და ჩინეთი მხარს უჭერენ ერთმანეთს მსოფლიოში გამოცხადებულ პანდემიასთან ბრძოლაში.

საქართველოში ეპიდემიის დაწყების მომენტიდან, ჩინეთი საერთო მომავლის მქონე საზოგადოების კონცეფციაზე დაყრდნობით, ქართულ მხარეს უანგაროდ უზიარებდა პრევენციისა და კონტროლის გამოცდილებას და სამედიცინო დახმარებას უწევდა. 29 აპრილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის მიერ საქართველოსთვის სამედიცინო ნივთების ჩუქების ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის ელჩი ლი იენი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური დაესწრნენ.

განვლილი 28 წლის განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ ნაყოფიერი იყო და იმედია, მომავალშიც ერთმანეთის საიმედო პარტნიორებად დარჩებიან.