საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გრანდიოზულ გამოფენაში „China International Import Expo“ მიიღონ მონაწილეობა, რომელიც 2018 წლის 5-დან 10 ნოემბრის ჩათვლით, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გაიმართება.

ჩინეთის მთავრობის მასპინძლობით, ღონისძიებაში, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ბიზნეს მოლაპარაკებების დაწყებას მონაწილე ქვეყნებს შორის, თანამშრომლობის გაძლიერებასა და კონტაქტების დამყარებას, ჩაერთვება სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენელი. საერთაშორისო ღონისძიება, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 150 000-მდე ცნობილი შემსყიდველი (ე.წ ბაიერი) დაესწრება, უპრეცედენტო შესაძლებლობას აძლევს ქართულ კომპანიებს, მოახდინონ საკუთარი საქონლისა და მომსახურების ექსპორტი ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ 5-დან 9 მაისის ჩათვლით, ღონისძიების სათანადოდ წარმართვისა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით, საქართველოს დელეგაცია, კერძოდ საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, დავით აფციაური და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, რომელსაც ქართულ მხარესთან ერთად ჩინეთის კომერციის სამინისტროს წარმომადგენლები, „China International Import Expo”-ს გენერალური დირექტორი, სუნ ჩენგაი და საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა ჩინეთის სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობა საქართველოსთან მიმართებაში და ღონისძიების საორგანიზაციო საკითხები.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ კომპანიებს, რომლებიც მზად არიან დააკმაყოფილონ პოტენციური შემსყიდველების მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია პროდუქციის რაოდენობასთან, ხარისხთან, საქონლის სისტემატურ და შეუფერხებელ მიწოდებასთან.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: