საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 8 ოქტომბერს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში თბილისის "დინამო არენაზე" ბელარუსის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი უმაყურებლოდ გაიმართა, თუმცა გულშემატკივრები სტადიონის გარშემო შეიკრიბნენ და გუნდს ამხნევებდნენ.

შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით - 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი მეშვიდე წუთზე გავიდა. თორნიკე ოქრიაშვილმა მისი წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელი 12 ნოემბერს, თბილისში, „დინამო არენაზე“ გაირკვევა. საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონია იქნება.