ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

ჩინელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა ჩინეთის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებით.

დადებითად შეფასდა ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის მზარდი მაჩვენებელი და აღინიშნა, რომ ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 50% არის გაზრდილი და აღნიშნული მაჩვენებელი წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება.

ხაზი გაესვა ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიურ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა China International Import Expo-ში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება ქართული კომპანიებისთვის თავიანთი პროდუქცია ჩინელ ინვესტორებს წარუდგინონ.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე აბრეშუმის გზის ფორუმი, ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა" და აღინიშნა, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: