თბილისის სპორტის სასახლეში 20 და 23 თებერვალს 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართება. ხვალ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება.

გუშინ საღამოს თბილისის სპორტის სასახლეში გუნდმა პირველი ვარჯიში გამართა, რომელშიც 14 კალათბურთელი მონაწილეობდა. დუდა სანაძე და თედ მაკფადენი თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდნენ და ნაკრებს დღეს შეუერთდებიან.

ვარჯიში მოთელვით ხასიათს ატარებდა. გიორგი ცინცაძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, თუმცა ხვალისთვის ის ალბათ მწყობრში იქნება.

2021 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრა სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.