ბევრისთვის ჩინეთი დღემდე მდიდარი ისტორიისა და კულტურის მქონე „იდუმალ აღმოსავლეთ ქვეყნად“ რჩება. არანაკლებ საინტერესოა ჩინეთი განათლების კუთხითაც. ბოლო წლებში ჩინეთში განათლების მიღების მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. FOR YOU ჩინეთის სასკოლო განათლების ზოგიერთ ნიუანსს გაგაცნობთ.

.

.

.

.

ჩინელი ბავშვები სკოლაში 12 წლის მანძილზე სწავლობენ. ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, სწავლა სამსაფეხურიანია. 2008 წლიდან ცხრაწლიანი უფასო სწავლის გავლა ქვეყანაში სავალდებულო გახდა. ამის შემდეგ ოჯახს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სწავლის შემდგომი გაგრძელების თაობაზე.

.

.

.

.

Related Articles

  • თსუ ჩინურ უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს

დაწყებითი სკოლა ბავშვებისთვის 6-დან 11 წლამდე გრძელდება. 12-დან 14 წლამდე მოსწავლეები იღებენ არასრულ საშუალო განათლებას, 15-დან 18 წლამდე კი შეუძლიათ დაასრულონ განათლების მიღება საშუალო სკოლაში, თუმცა ბოლო სამი წელი არ არის სავალდებულო. პირველ პატარა ტესტს მომავალი პირველკლასელები სკოლაში ჩარიცხვამდე გადიან. დაწყებითი სკოლის დამტავრების სემდეგ მოსწავლეები გამოცდას აბარებენ. სწავლის გასაგრძელებლად მათ ქულების გარკვეული რაოდენობა უნდა დააგროვონ.

.

.

.

.

ჩინეთში არის უმაღლეს სასწავლებლებთან არსებული სკოლებიც. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე აღნიშნულ უმაღლესში ჩასაბარებლად საკმარის ქულებს დააგროვებს, მას აღნიშნულ სასწავლებელში ჩაბარების თითქმის 100%-იანი გარანტია ექნება. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლე აბარებს გამოცდებს, რომლებიც ერთდროულად გამოსაშვებიცაა და მისაღებიც.

უმაღლეს სასწავლებელში განცხადების შესატანად მოსწავლემ ქულების გარკვეული რაოდენობა უნდა დააგროვოს. რაც უფრო პრესტიჟულია სასწავლებელი, მით უფრო მკაცრია მისი მოთხოვნები აბიტურიენტების მიმართ. ისევე როგორც საქართველოში, აბიტურიენტს შეუძლია განცხადება რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში შეიტანოს.

.

.

.

.

ჩინელ მოსწავლეებს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო დიდი დატვირთვა აქვთ, რადგან ჩინური ენა საკმაოდ რთულია. სასწავლო დროის 80% მშობლიური ენისა და მათემატიკის სწავლას ეთმობა. ბავშვები სკოლაში კვირაში 5 დღე დადიან და გაკვეთილები დილის 8 საათიდან დღის 4 საათამდე მიმდინარეობს. დილის საათებში მიდის ძირითადი საგნების სწავლა. 11.30-დან 14.00 საათამდე ბავშვები ისვენებენ, შემდეგ მეორეხარისხოვანი საგნების გაკვეთილები იმართება (ფიზკულტურა, შრომის გაკვეთილი, ხელოვნება).

დისციპლინა სკოლებში საკმაოდ მკაცრია. მას შემდეგ რაც მოსწავლეს ექნება 12 გაცდენა საპატიო მიზეზის გარეშე, მას სკოლიდან გარიცხავენ.

სასკოლო განათლება ჩინეთში სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება. ყველა სკოლა იღებს სახელმწიფო დაფინანსებას და ასევე თანხებს რემონტისთვის და აღჭურვილობის განახლებისთვის.

საინტერესო ფაქტები:

1 სკოლებში ყოველდღიურად ტარდება დილის ვარჯიში და შეკრებები, რომლებზეც მოსწავლეებს აცნობენ სიახლეებს და ხდება დროშის აღმართვა.

2 სწავლის პირველი 6 თვის მანძილზე ჩინელი ბავშვები 400 იეროგლიფს სწავლობენ.

3 ჩინურ სკოლებში მოსწავლეებს არ გააჩნიათ დღიურები. არის მხოლოდ რვეული, სადაც საშინაო დავალების ჩაწერა ხდება.

4 სკოლებში არის 100-ბალიანი სისტემა. 60-ქულაზე ნაკლები შედეგი არადამაკმაყოფილებლად ითვლება.

5 ჩინურ სკოლაში სწავლობენ ჭადრაკს და ორიგამის.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: