სასტუმრო „ბილტმორში“ თბილისის მერიის ორგანიზებით თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების რიგით მეორე ცერემონია გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაზე სპორტის 16 სახეობის 54 სპორტსმენი დაჯილდოვდა.

ღონისძიებას თბილისის მერიის, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სპორტული უწყებების, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, სპორტსმენები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს თბილისის მერიისგან ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.

ქართული სპორტის წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის მერიამ საგანგებო პრიზით მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე დააჯილდოვა.