საუნა ფინეთის ეროვნული სიმბოლო და ფინური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქვეყანაში, სადაც 5.5 მილიონი კაცი ცხოვრობს, 3.3 მილიონი საუნაა.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ფინური საუნის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება სტრესის მოხსნაა. საუკუნეების მანძილზე საუნა ოჯახის წევრებისა და მეგობრების შეკრების ადგილს წარმოადგენდა. საუნის გამოყენების ტრადიციას ფინელებს ბავშვობიდან უნერგავენ.

საუნა დღეს და ძველად

ძველად, ბანაობის გარდა, საუნაში მკურნალობდნენ, მშობიარობდნენ, ბოლავდნენ ხორცს და უბრალოდ ცხოვრობდნენ, სანამ მიმდინარეობდა ძირითადი სახლის მშენებლობა. საუკუნეების მანძილზე ფინელებს სჯეროდათ, რომ საუნას შეუძლია სხვადასხვა დაავადებების განკურნება.

საუნაში ჩატარებული გამაჯანსაღებელი და კოსმეტიკური პროცედურები დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. თანამედროვე ფინეთში საუნების უმეტესობა კერძო სახლებშია აშენებული, თუმცა საუნებს ოფისებშიც და ქარხნებშიც ნახავთ. საკუთარი საუნა ფინეთის პარლამენტსაც კი გააჩნია.

ყველაზე დიდი საუნა

არ არის გასაკვირი, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი საუნაც ფინეთში მდებარეობს. ქალაქ სუომენლინის სამხედრო სასწავლებლის საუნა, რომელიც დაახლოებით 200 ადამიანს იტევს, XX საუკუნის დასაწყისში აშენდა.

ფინელებისთვის საუნა სპორტულ დარბაზს და ფიტნეს კლუბს ანაცვლებს. მათი უმრავლესობა საუნას კვირაში მინიმუმ ერთხელ სტუმრობს მაშინ, როცა ფიზიკური ვარჯიშით ფინელი მამაკაცების მხოლოდ ნახევარი, ქალების კი - მესამედი არის დაკავებული. ფინელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ საუნას შეუძლია ფიზიკური აქტივობის ჩანაცვლება, რადგან საუნაში გულ-სისხლძარღვთა სისტემა ისეთივე დატვირთვას იღებს, როგორც სპორტულ დარბაზში.

ფინური საუნა

.

ფინური საუნის 10 წესი დამწყებისთვის

როგორ უნდა მოიქცე ფინურ საუნაში? რა არის ნებადართული და რისი გაკეთება არ შეიძლება? აქ არის გარკვეული წესები, რომლებიც წინასწარ უნდა იცოდე.

1. საუნა, პრაქტიკულად, ყველასთვისაა სასარგებლო. გამონაკლისს მხოლოდ ჩვილები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან ღია ჭრილობების მქონე ადამიანები წარმოადგენენ. დანარჩენებს შეუძლიათ მშვიდად დატკბდნენ საუნით.

2. ფინურ საუნას არ გააჩნია არავითარი სექსუალური ქვეტექსტი, და ამას ნებისმიერი ფინელი დაადასტურებს. შეიძლება ითქვას, რომ ფინელებისთვის საუნა საკრალური ადგილია, სადაც არა მხოლოდ სხეული, არამედ სულიც იწმინდება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ არ შეგიძლიათ მოეშვათ.

3. საუნაში დაპატიჟება ერთგვარი პატივისცემის ნიშანია, ასე რომ უარის სათქმელად სერიოზული მიზეზი უნდა მოიფიქროთ. როგორც ამბობენ, საუნაში ყველა თანასწორია.

4. ფერად განათებას, არომატიზირებულ დანამატებსა და დამამშვიდებელ მუსიკას ტრადიციულ ფინურ საუნასთან საერთო არაფერი აქვს. კლასიკურ ფინურ საუნაში უნდა იყოს სუსტი განათება და არანაირი მუსიკა ან უცხო არომატი, გარდა არყის ცოცხის და ნატურალური კუპრის სუნისა.

5. ზოგჯერ, ფინელები საუნაში შიშვლები უცნობ ადამიანებთან ერთადაც მიდიან (სიშიშვლე ხომ აბსოლუტურად ბუნებრივია). თუმცა, თუ თქვენ მორცხვი ხართ, შეგიძლიათ აიფაროთ პირსახოცი ან საცურაო კოსტუმი ჩაიცვათ.

6. მეგობართა წრეში ქალები და მამაკაცები საუნაში რიგრიგობით შედიან, ოჯახის წევრები კი - ერთად. ჩვეულებრივ, ამაზე შეთანხმება წინასწარ ხდება.

7. საუნაში იყენებენ ცოცხს, რომელსაც ფინურად ეწოდება „ვასტა“ ან „ვიხტა“ (გააჩნია რეგიონს). ამ ცოცხებს არყისა ან ღვიის ტოტებისგან ამზადებენ. ითვლება, რომ ასეთი პროცედურა ძალიან სასარგებლოა კანისთვის.

8. ქვაზე წყლის დასხმის სიხშირე მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული და ამ მხრივ არანაირი წესი არ ასრებობს.

9. საუნაში ოფლი ადამიანს წურწურით ჩამოსდის, ამიტომ მნიშვნელოვანია დაკარგული სითხის აღდგენა. ამისათვის საუკეთესოდ გამოდგება წყალი, თუმცა ბევრი ფინელი უპირატესობას ლუდს ანიჭებს. თუ მოგშივდებათ, იქვე შეგიძლიათ ქვაზე ან გრილზე ფოლგაში გახვეული სარდელების შეწვა.

10. საუნის სტუმრობის მკაცრი წესები არ არსებობს. ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. საუნაში მთავარია მოეშვათ, ეკონტაქტოთ ადამიანებს, სასიამოვნოდ გაატაროთ დრო და დატკბეთ სხეულისა და სულის სიწმინდის ნეტარი შეგრძნებით.