შემოდგომაზე რაც არ უნდა დაიცვა პატარას კანი, მისი სახე და ხელები მაინც განსაკუთრებულ ზრუნვას მოითხოვს, რადგან ტემპერატურა მნიშვნელოვნად იკლებს. იმისთვის, რომ ბავშვის კანი არ გამოიფიტოს, გამძლე იყოს სიცივისა და ქარის მიმართ, გამოიყენე ისეთი ტიპის კოსმეტიკური საშუალებები, რომელთაც დამარბილებელი ეფექტი ექნება.

მანამ სანამ ბავშვისთვის კოსმეტიკას შეიძენ, უნდა გაითვალისწინო რამდენიმე რჩევა:

  • მაღალი ფასი ჯერ კიდევ არ არის ხარისხის ნიშანი.

არ უნდა აირჩიო კოსმეტიკური საშუალებები მხოლოდ ღირებულების მიხედვით. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია მისი შემადგენლობა, რომელიც ალერგენებისა და სხვა საშიში კომპონენტების გარეშე უნდა იყოს.

  • წაიკითხე პროდუქტის აღწერა.

პროდუქტს უნდა ჰქონდეს ხარისხის სერთიფიკატი. გარდა ამისა, შეფუთვაში უნდა იყოს მითითებული თუ რა ასაკზეა ის გათვლილი. უპირატესობა მიანიჭე ჰიპოალერგიულ კოსმეტიკურ საშუალებებს.

  • შეამოწმე ვარგისიანობის ვადა.

რაც არ უნდა კარგი იყოს კრემი, გარკვეული დროის შემდეგ ის კარგავს თავის თვისებებს. ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებისათვის ეს პერიოდი, როგორც წესი, ხანმოკლეა. გახსოვდეს, რომ ვადაგასულმა კოსმეტიკურმა საშუალებამ შეიძლება დააზიანოს კანი, ასე რომ, ნუ გარისკავ.

  • შეარჩიე ბუნებრივი კოსმეტიკა.

რაც მეტი ბუნებრივი ინგრედიენტებია კოსმეტიკაში და რაც ნაკლებია არომატის გამაძლიერებლები და საღებავები, მით უკეთესია ის.

გახსოვდეს, რაც არ უნდა ძვირი და პოპულარული იყოს შეძენილი კრემი, ის მაინც უნდა გამოსცადო მანამ, სანამ ბავშვისთვის გამოიყენებ. ასე რომ, პირველ რიგში, პროდუქტი საკუთარ თავზე, კანის პატარა უბანზე გამოსცადე. თუ კრემმა გაღიზიანება არ გამოიწვია, მაშინ უპრობლემოდ შეგიძლია გამოიყენო.

ბავშვთა დამცავ კრემებში ხშირად გამოიყენება შემდეგი სახის კომპონენტები:

  • თუთიის ოქსიდი - კურნავს და ხელს უშლის კანის ანთებას;
  • კალენდულა - მცენარე რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებები;
  • ბუნებრივი ზეთები (სეზამი, შიის კარაქი, ქოქოსი, ხორბლისზეთი) - ისინი ატენიანებენ და აწყნარებენ ბავშვის კანს, ხელს უშლიან მის გამოშრობას;
  • ზეითუნის ზეთი - შეიცავს ვიტამინებს და საკვებ ნივთიერებებს;
  • ვიტამინები (A, B, C, E, F), ისინი ასაზრდოებენ ბავშვის კანს სასარგებლო ნივთიერებებით.

გახსოვდეს, რომ დამცავი კრემი ბავშვს სახის კანსა და ხელებზე უნდა წაუსვა გარეთ გასვლამდე მინიმუმ 30 წთ-ით ადრე და არა 10-15 წთ-ით ადრე. იმისთვის რომ კრემმა დამცავი ფუნქცია გამოავლინოს მას ამისთვის 30 წუთი სჭირდება.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: