ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ორშაბათს ბრუნეის დედაქალაქში ხასანალ ბოლკიახთან მოლაპარაკება გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო სინხუა ავრცელებს.

ორი ქვეყნის მეთაურებმა მაღალი შეფასება მისცეს ჩინეთ-ბრუნეის ურთიერთობის განვითარების აქტიურ ტენდენციას, ერთხმად გადაწყვიტეს სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობის დამყარება.

სი ძინფინგმა მაღალი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ ხასანალ ბოლკიახი ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს ჩინეთთან ურთიერთობას. მან აღნიშნა, რომ ეს მისი პირველი ვიზიტია ბრუნეიში, თუმცა კულტურულ-ისტორიული კავშირები ჩინეთსა და ბრუნეის შორის ხანგრძლივი და ღრმაა. ქვეყნები ახლო მეზობლები, მეგობრები და ერთმანეთის სანდო პარტნიორები არიან. მხარეებმა მიიღეს მჭიდრო თანამშრომლობის გადაწყვეტილება, რათა ორივე ქვეყნის მოსახლეობამ მისგან სარგებელი მიიღოს.

სი ძინფინგმა დასძინა, რომ მხარეებმა უნდა გააქტიურონ მაღალი დონის კონტაქტები. ჩინური მხარე დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ბრუნეი ერთი ჩინეთის პოლიტიკის ერთგულია და გააგრძელებს მისთვის დახმარების გაწევას შემდგომი განვითარების გზაზე. ჩინეთი განიხილავს ბრუნეის როგორც თანამშრომლობის მნიშვნელოვან პარტნიორს „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ მშენებლობის საქმეში და აპირებს, რომ „სარტყელისა და გზის“ ინიციატივა ბრუნეის 2035 წლამდე განვითარების კონცეფციას დაუკავშიროს. ჩინური მხარე სთავაზობს ბრუნეის კომპანიებს გაზარდონ ექსპორტი ჩინეთში და აპირებს, რომ გაამყაროს თანამშრომლობა ბრუნეისთან სხვადასხვა სფეროში. მისი თქმით, საჭიროა გაეროს და APEC-ის ფარგლებში კონტაქტების, კოორდინაციის და ურთიერთმოქმედბის გაღრმავება და ასევე, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ერთობლივი ძალებით ხელშეწყობა.

სი ძინფინგმა მიუთითა, რომ მშვიდობისა და სტაბილურიბის დაცვა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთისა და ბრუნეის სასიცოცხლო ინტერესებს ეხება და ორივე ქვეყნის სწრაფვას წარმოადგენს. ჩინეთი მაღალ შეფასებას აძლევს ბრუნეის მხარის მიდგომას, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ორ სახელმწიფოს შორის დავა მეგობრული კონსულტაციების გზით უნდა გადაწყდეს. მხარეებმა უნდა გააგრძელონ ზღვაში თანამშრომლობის ხელშეწყობა და კონსულტაციები, რომლებიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ქცევის კოდექსს შეეხება, რამაც სამხრეთ ჩინეთის ზღვა მშვიდობის, მეგობრობის და თანამშრომლობის ზღვად უნდა აქციოს.

ხასანალ ბოლკიახმა განაცხადა, რომ სი ძინფინგის პირველი ვიზიტი ბრუნეიში აუცილებლად გააღრმავებს ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის და გაამყარებს მათ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. ბრუნეი მტკიცედ ატარებს ერთი ჩინეთის პოლიტიკას და აპირებს ამ ვიზიტის შესაძლებლობების გამოყენებას ურთიერთგაცვლისა და თანამშრომლობის გამყარებისთვის. ბრუნეი აღფრთოვანებულია უზარმაზარი წარმატებებით, რომლებსაც ჩინეთმა სიღარიბის შემცირების და მდგრადი განვითარების პროცესში მიაღწია. ბრუნეის მხარე კმაყოფილია იმით, რომ რეგიონის ქვეყნები დიალოგისა და კონსულტაციების გზით იხილავენ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საკითხს.

მოლაპარაკების შემდეგ ქვეყნის მეთაურები დაესწრნენ „სარტყელისა და გზის“ ერთობლივი მშენებლობის საქმეში თანამშრომლობის გეგმის და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ სხვა დოკუმენტების ხელმოწერას.

მხარეებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

მოლაპარაკების დაწყებამდე სი ძინფინგი დაესწრო მის საპატივცემულოდ გამართულ საზეიმო დახვედრას, რომელიც ხასანალ ბოლკიახის მიერ იყო ორგანიზებული. ბრუნეის სულთანი მხურვალედ მიესალმა პრეზიდენტს სამეფო სასახლეში.