ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინფინი პირველად ჩავიდა კორონავირუსის გავრცელების კერაში, ქალაქ უჰანში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო სინხუა ავრცელებს.

ჩინეთის ლიდერი უჰანში COVID-19-ის ეპიდემიის პროფილაქტიკასთან და კონტროლთან დაკავშირებული ინსპექტირების მიზნითაა ჩასული.

ჩასვლისთანავე სი ძინფინი ხოშენშანის საავადმყოფოს ეწვია, სადაც საავადმყოფოს ექსპლუატაციასთან, პაციენტების მიღება-მკურნალობასთან, სამედიცინო მუშაკების დასაცავად მიღებულ ზომებთან და ეპიდემიასთან საბრძოლველად ჩატარებულ სამეცნიერო კვლევებთან დაკავშირებულ სიტუაციას გაეცნო.

ვიზიტის მსვლელობისას ჩინეთის ლიდერი შეხვდება სამედიცინო მუშაკებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, საკადრო მუშაკებს და მოხალისეებს, რომლებიც ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მუშაობენ, ასევე პაციენტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს მოინახულებს.