23 ივლისს სი ძინფინმა რუანდის პრეზიდენტ პოლ კაგამესთან მოლაპარაკება გამართა. მოლაპარაკების დაწყებამდე რუანდის პრეზიდენტის სასახლის წინ ჩინეთის ლიდერის დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. აღნიშნულ ინფრომაციას სააგენტო სინხუა ავრცელებს.

ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში მიღწეული წარმატებები ორივე ქვეყნის ლიდერის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა. მათ ერთობლივად შეიმუშავეს მომავალი გეგმები ჩინეთ-რუანდის მეგობრობისა და თანამშრომლობის კუთხით, ასევე შეთანხმდნენ იმაზე, რომ ერთობლივად შეუწყობენ ხელს უფრო მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას ორმხრივ თანამშრომლობაში.

სი ძინფინმა დასძინა, რომ ჩინეთმა და რუანდამ ორმხრივი ურთიერთობა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა განიხილონ, მხარი დაუჭირონ მეორე ქვეყნის მიერ დამოუკიდებლად არჩეულ განვითარების გზას, კვლავაც გამოიჩინონ ურთიერთგაგება და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს იმ საკითხებში, რომელიც ორივე ქვეყნის საკვანძო ინტერესებს ეხება.

სი ძინფინის განცხადებით, რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ჩინეთი და აფრიკაგულწრფელ და მეგობრულ ურთიერთობას, სოლიდარობას და თანამშრომლობას უჭერენ მხარს. აფრიკულ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარება ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ფუნდამენტს და ჩინური მხარის მტკიცე სტრატეგიულ არჩევანს წარმოადგენს.

პოლ კაგამე მხურვალედ მიესალმა ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს რუანდაში და განაცხადა, რომ ჩინეთი აფრიკის საიმედო მეგობარია. ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობის განვითარებას რუანდასთვის და აფრიკისთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. რუანდა მაღალ შეფასებას აძლევს ჩინეთის მიერ გაწეულ დახმარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურული მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და განათლება. აღნიშნულმა დახმარებამ რუანდის მოსახლეობის ცხოვრების პირობების განვითარებაში და გაუმჯობესებაში პოზიტიური წვლილი შეიტანა. „სარტყელისა და გზის“ ინიციატივა რუანდასთვის და აფრიკისთვის მნიშვნელოან შანსს წარმოადგენს. რუანდის მხარე აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობას აპირებს.

პოლ კაგამემ, რომელიც ამჟამად აფრიკული კავშირის თავმჯდომარის პოსტს იკავებს, დასძინა, რომ ჩინეთის მხრიდან აფრიკისთვის გაწეული დახმარება ამ კონტინენტისთვის ფასდაუდებელია. აფრიკული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის როლს საერთაშორისო საქმეებში და ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმის პეკინის სამიტში მონაწილეობაზე დიდ იმედებს ამყარებს.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ორივე ქვეყნის ლიდერი „სარტყელისა და გზის“ მშენებლობაში და სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას დაესწრო.

აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა.

დღის მეორე ნახევარში სი ძინფინი და პენ ლიუანი ქალაქ კიგალიში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალს ესტუმრნენ.