ესტონელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ეგერტ მილდერი, ესტონეთის ევროვიზიის შესარჩევ კონსკურსზე საქართველოზე სიმღერით წარსდგება, რომლის სახელწოდებაა „საქართველო ჩემს ფიქრებში“. ინსპირაციის წყარო ამ სიმღერის შესაქმნელად ავტორისთვის თბილისში გატარებული სამი წელი გახდა.

ეგერტი საქართველოში საცხოვრებლად 2016 წელს გადმოვიდა და უძრავი ქონების განვითარების დიზაინის მენეჯერად დაიწყო მუშაობა. საქართველოში ცხოვრებისას იგი წერდა მუსიკას და საქართველოს თვალწარმტაცი ხედები მისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.

„საქართველო გახდა ჩემი სახლი ამ სამი წლის განმავლობაში. მე შემიყვარდა ეს ლამაზი ქვეყანა - მაღალი მთებით, ათასობით ცხვრებით რომლებიც დანავარდობენ მთის კალთებზე, ძროხებით რომლებიც ისვენებენ შუა გზაზე, უგემრიელესი საკვებით, ღვინით და იმ ყველაფრით, რაც საქართველოშია. საქართველო არის ქვეყანა რომელიც სავსეა მაგიურობით. ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა რთულია“,- ამბობს ეგერტი.

ეგერტმა ახლახანს დატოვა საქართველო და ამ ფაქტმა მას უბიძგა დაეწერა ემოციური, თუმცა მხიარული სიმღერა იმაზე, თუ როგორ დასრულდა მის ცხოვრებაში საქართველოში ცხოვრების ეტაპი. ამ სიმღერით იგი საქართველოს დაემშვიდობა. „ეს არის მომენტი როცა ხვდები, რომ დროა წინ განაგრძო სვლა და რაღაც უბრალოდ გაუშვა შენი ცხოვრებიდან. ეს ჩემთვის იყო ამ ულამაზესი ქვეყნის დატოვება და ასევე იმ ადამიანების რომლებიც ჩემი გულის ნაწილები გახდნენ“-აღნიშნავს მუსიკოსი.

სიმღერაზე „საქართველო ჩემს ფიქრებში“ ვიდეო კლიპიც არის გადაღებული, სადაც ჩანს საქართველოს სხვადასხვა ადგილები და ადგილობრივი სახეები.

სიმღერა მონაწილეობას იღებს ესტონეთის ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში. კონკურსის ნახევარფინალი გაიმართება 13 თებერვალს, სადაც ეგერტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო გადაცემის სცენაზე ცოცხალი შესრულებით წარსდგება.

ეგერტ მილდერი არის ესტონელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომლის სოულ-ინდი ხმები ღრმად არის დაჟღენთილი და ინსპირირებული მისი მოგზაურობებით მთელს მსოფლიოში - ნიკარაგუას და ფილიპინების იდუმალებით მოცული კუნძულებიდან საქართველოს კავკასიონის მთებამდე. მის ჟღერადობას ახასიათებს მშვიდი განწყობა და თბილი აკუსტიკა, რისი წყალობითაც მისი სადებიუტო სინგლი „Live+Love+Glow” ესტონეთის ინოვაციური სამაუწყებლო რადიოს „Raadio 2” წლის ტოპ ათეულში ღირსეულად იკავებს ადგილს. მისი მრავალი მოგზაურობიდან მიღებული გამოცდილებითა და საოცარი საშემსრულებლო ნიჭის წყალობით, იგი ხშირად თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა მუსიკოსებთან.

https://www.youtube.com/watch?time_continue=109&v=PO3rFctoBIY

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: