ნიუ-იორკში მდებარე რენსელერის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს ჩინური ენის შესწავლის ინოვაციურ გზას სთავაზობს: უნივერსიტეტის მკვლევარებმა IBM Research-თან თანამშრომლობით, 360 გრადუსიანი ვირტუალური რეალობის საკლასო ოთახი შექმნეს, რომელიც სტუდენტებს ჩინეთში ვირტუალური მოგზაურობისა და სასაუბრო ენის გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს.

სტუდენტებს პეკინის ქუჩებში სიარული და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა, მათ შორის რესტორანში ამა თუ იმ კერძის შეკვეთა, მაღაზიაში სასურველი ნივთის ყიდვა და ადამიანებთან სხვადასხვა საკითხებზე საუბარი შეუძლიათ, ოღონდ ეს ყველაფერი ვირტუალურად ხდება. აღნიშნულ საკლასო ოთახში ჩინური ენის ლექციები სტუდენტების პირველ ნაკადს უკვე უტარდება.

ვირტუალურ ადამიანებთან კომუნიკაციის გასამარტივებლად, ციფრული პროექციების გარდა, საკლასო ოთახი აღჭურვილია მიკროფონებით და სპეციალური სენსორებით, რომლებიც სტუდენტების მოძრაობას აფიქსირებენ. მაგალითად, თუ სტუდენტი რესტორანში კონკრეტულ კერძზე ხელით მიანიშნებს და მისი ინგრედიენტების შესახებ იკითხავს, რესტორნის ვირტუალური მიმტანი მას ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.

მკვლევარების განცხადებით, პროექტი ამ დროისთვის ექსპერიმენტულ ეტაპზეა, სამომავლოდ კი მისი ფუნქციების განვითარება და პროგრამაში სხვადასხვა ენების დამატება იგეგმება.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: