დღეს ევა ბაბალაშვილის საავტორო გადაცემა „წახნაგები“-ს სტუმარია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ მახარაშვილი

ევა ბაბალაშვილი - დღეს ჩვენთან სტუმრადაა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, აღმოსავლეთმცოდნე თამარ მახარაშვილი. დღევანდელი გადაცემა არა მხოლოდ ქალბატონ თამარს, არამედ იმასაც ეძღვნება, რომ სულ მალე ჩვენი დიდი მწერლის, მთარგმნელის და კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, ჯემალ აჯიაშვილის იუბილე იქნება. იგი 75 წლის გახდებოდა. სამწუხაროდ, ის ჩვენთან აღარ არის, მაგრამ მის საქმეს, მის შემოქმედებით გზას აგრძელებს ჩვენი თამარი, რომელიც ძალიან არის ამით დაკავებული, რადგან, როგორც მისი აღსაზრდელი, თავს ვალდებულად თვლის. მათ ბევრი იმოგზაურეს ერთად, ერთად დგამდნენ სპექტაკლებს, ერთად კითხულობდნენ მის ახალ ნაწარმოებებს და ა.შ. მეგობრობის გარდა მათ შემოქმედებაც აერთიანებდათ. მოგესალმებით, ქალბატონო თამარ!

თამარ მახარაშვილი - მოგესალმებით ყველას! მართლა ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ დღეს თქვენთან ვიმყოფები. ძალიან საინტერესო სტუმრები გყავთ ყოველთვის და მე რომ ამ სიაში მოვხდი, ამისთვის გიხდით ძალიან დიდ მადლობას. როდესაც ჯემალ აჯიაშვილზე საუბრობენ, პუბლიკას ყოველთვის მის რეგალიებზე საუბარს ურჩევნია ის, რომ მისი ლექსები მოისმინოს და ის კეთილხმოვანი ქართული გაიგოს, რომელიც ჯემალს ახასიათებს.

ევა ბაბალაშვილი - თამარ, როგორ მოხდა თქვენი შეხვედრა ბატონ ჯემალთან? მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა რაღაც სასწაული იყო, რადგან ისე უბრალოდ არაფერი ხდება.

თამარ მახარაშვილი - კი, ნამდვილად ასეა. მე ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში. მე გახლავართ ებრაისტი-აღმოსავლეთმცოდნე და, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, შევხვდი ბატონ ჯემალ აჯიაშვილს. გამიმართლა იმიტომაც, რომ კოტე წერეთელი იყო ჩემი მასწავლებელი. ზოგადად რომ ავირჩიე ეს სპეციალობა - ებრაისტი აღმოსავლეთმცოდნე, უკვე გამიმართლა.

ევა ბაბალაშვილი - რატომ აირჩიეთ ეს სპეციალობა?

თამარ მახარაშვილი - ბიბლია მინდოდა წამეკითხა ორიგინალში და სულ მეკითხებიან: „თქვენ ებრაელი ხართ? რატომ აირჩიეთ ებრაისტიკა?“. ჩემი მთავარი მიზანი თავიდანვე იყო ის, რომ ბიბლია წამეკითხა. სხვათაშორის, ძალიან დიდი კონკურსი იყო აღმოსავლეთმცოდნეობაზე, როცა მე ჩავაბარე. ჯემალ აჯიაშვილი არის სრულიად განსაკუთრებული ადამიანი. ჩვენ მოგვიწევს, ალბათ, მასზე სხვადასხვა ჭრილში საუბარი, მაგრამ, როგორც ლექტორი, ის აბსოლუტურად ყველასგან გამორჩეული იყო. პირველი, იმით იყო გამორჩეული (ეს ხუმრობით), რომ ლექციებზე დიდი ხანი ველოდებოდით, მაგრამ ეს ლოდინი ჩვენ გვიღირდა, იმიტომ, რომ შემდეგ ჯემალისთვის უნდა მოგვესმინა. მინდა გითხრათ, რომ ესეთ გამონაკლისს აკეთებდა ყოველთვის უნივერსიტეტი. ჯემალ აჯიაშვილის ლექციაზე მხოლოდ მისი ჯგუფი კი არ იჯდა... თქვენ ნახავდით საკმაოდ მხრცოვან ადამიანებს (რომ იცოდნენ, რომ ჯემალი კითხულობდა ლექციას, მსმენელები უბრალოდ გარედან შემოდიოდნენ და გადაჭედილი აუდიტორია ელოდა ჯემალს და, რა საკვირველია, ჯემალი აგვიანებდა). რომ შემოდიოდა, იხდიდა უამრავ ბოდიშს. შემდეგ იწყებოდა, და რა იწყებოდა! ჩვენ მონაწილე ვხდებოდით მასთან ერთად სრულიად არაამქვეყნიური ყოფის. ყველანაირად ჯემალი ამაოებაზე გვესაუბრებოდა ამ ცხოვრების. იმ პრობლემების დასავიწყებლად, რომლებიც თითოეულ ჩვენთაგანს ჰქონდა, და მაღალ იდეალებზე საუბრის დასაწყებად, ზუსტად ათი წამი იყო საჭირო. ჯემალი ამას საოცრად ახერხებდა. ერთია - იყო მცოდნე შენი კონკრეტული საგნის, და მეორეა - იცოდე ამის გადმოცემა. მეორე უნარია - შეგეძლოს აუდიტორიის აყვანა ხელში. ჯემალს ეს გამოსდიოდა არაჩვეულებრივად. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: მამუკა ბუცხრიკიძე (ასევე, ჩვენი ებრაისტი) იხსენებს, რომ ერთხელ ლექციის დროს ისეთ ტრანსში შევიდა ჯემალ აჯიაშვილი, რომ ვერც მიხვდა, რომ ლექცია დამთავრდა. ჯემალ აჯიაშვილის ლექციებს რაღაც ჩარჩოებში ვერავინ ვერ სვამდა ვერასდროს. მისი ლექცია ყოველთვის ბოლოს იყო. მოკლედ, გავიდა ორ საათზე მეტი და ჯემალი ვერ ხვდება, რომ ლექცია დამთავრდა და უკვე ღამდება. მამუკა ამბობს, რომ ბავშვებმა ნელ-ნელა აუდიტორიიდან გასვლა დაიწყეს. ეს ხდება დეკემბერში, თანაც იმ პერიოდში, როდესაც გათბობა აღარ იყო. მამუკას მოერიდა გასვლა და ბოლოს დამთავრდა იმით, რომ ჯემალ აჯიაშვილი და მამუკა ბუცხრიკიძე ფეხით მიდიან, ჯემალს არ აცვია პალტო, და ისინი აგრძელებენ საუბარს უკვე გარეთ. შაბათს დაურეკა ბატონმა ჯემალმა და უთხრა, რომ ფილტვების ანთება დაემართა და სთხოვა: „ქურთუკი დამრჩა აუდიტორიაში და თუ შეიძლება მომაწოდეო“. ასეთ ჯემალ აჯიაშვილზე ვსაუბრობთ - არა ყოფითზე, მხოლოდ კარგ მთარგმნელზე კი არა, არამედ სრულიად განსაკუთრებულ ფენომენზე.

ევა ბაბალაშვილი - როგორ მოასწრო ჯემალმა, რომ ამ სიმაღლეებისთვის მიეღწია?

თამარ მახარაშვილი - თუ მის თარგმანებს დავაკვირდებით (ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობენ ძალიან ცნობილი კრიტიკოსები), რომ რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ ასეთი სიტყვაქმნადობა არავის არა აქვს. მის შემოქმედებაშიც კარგად ჩანს ახალი სიტყვების ქმნა და ამის წყარო არის „ვეფხისტყაოსანი“. თამარ ცაგარეიშვილის ერთ-ერთ გადაცემაში ციკლიდან „მიამბეთ თქვენზე“, რომელიც ჯემალ აჯიაშვილს ეძღვნებოდა, ძალიან კარგად იყო ნაჩვენები, როგორ ზრდიდნენ მას. ის ძალიან უმადლოდა სენაკს. სენაკში, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა, ლიტერატურას და ხელოვნებას ძალიან დიდი როლი ჰქონდა. ოჯახი, გარდა იმისა, რომ ტრადიციული ებრაული ოჯახი იყო, თავისი ტრადიციების პარალელურად, „ვეფხისტყაოსანზე“ იზრდებოდა. ბატონი ჯემალი ამბობდა, რომ არასდროს დაავიწყდება ის დრო, როდესაც მამამ ლურჯყდიანი „ვეფხისტყაოსანი“ აჩუქა. ის ამბობდა, რომ განსაკუთრებით ტარიელმა მოხიბლა. მისი შემოქმედების საზრდო არის „ვეფხისტყაოსანი“. ჯემალ აჯიაშვილი არ კმაყოფილდებოდა არასდროს რაღაცა მიღწევით. მან ჯერ სპარსული ენის შესწავლა დაიწყო. მოგეხსენებათ, რომ ის დიპლომატიურ სამსახურშიც იყო ირანში და მას იქ საოცარი თავგადასავლები ჰქონდა. შემდეგ უკვე იწყებს ებრაულის შესწავლას და ისეთ დონეებს აღწევს თავის თარგმანებში... ნახეთ, სპექტრი როგორია! ჩვენ ახლა შუა საუკენეების ებრაული პოეზიის თარგმანზე ვსაუბრობთ და კარლო გოცი, შექსპირი, ჩიკამაცუ, მაიაკოვსკი, დანტე, პეტრარკა... სპექტრი არ არის შეზღუდული.

ევა ბაბალაშვილი - საუკუნეებში დადის...

თამარ მახარაშვილი - დადის, მოგზაურობს და მარგალიტებს კრეფს და ისეთი ქართულით მოდის შენთან, რომ რიგით ქართველს შეგრცხვება, რომ თურმე რა სიტყვები არ გცოდნია ქართული, როგორი მდიდარი ენა ყოფილა და ჯემალს უნდა მოუსმინო.

ევა ბაბალაშვილი - როგორი იყო ჯემალი სახლში?

თამარ მახარაშვილი - ჯემალისთვის ხუთი წუთი იყო საკმარისი იმისთვის, რომ აღმოეჩინა, ხარ თუ არა მისთვის საინტერესო, ანუ მიიღებს თუ არა შენგან ინფორმაციას. მუდმივად იყო მიმღები ინფორმაციის. ასეთი თვისება ჰქონდა.

ევა ბაბალაშვილი - ვთქვათ, აღმოაჩინა არასაინტერესო ადამიანი...

თამარ მახარაშვილი - იცით რა, სულ შფოთავდა. თუ არ იყავი მისთვის საინტერესო, იწყებდა შფოთვას და არ იცოდა, სად წასულიყო. მერე შეიძლება აუდიტორიაში გამოენახა ვინმე, ვისთანაც საუბარი შეიძლებოდა, იმიტომ რომ მისთვის დროის გაცდენა ნიშნავდა ძალიან ბევრს და ძალიან ცუდს. მის სახლში ყოველთვის იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელსაც ინატრებდი, რომ გენახა. ეს იყო მუდმივი კამათი, სჯა-ბაასი და აქედან იკვებებოდა ის.

ევა ბაბალაშვილი - როგორ ასწრებდა ყველაფერს? ის წერდა, თარგმნიდა, ასწავლიდა...

თამარ მახარაშვილი - აბა რატომ იგვიანებდა ლექციებზე, როგორ გგონიათ? როცა ის ქმნიდა და წერდა, რა საკვირველია, წუთებს და წამებს არ უყურებდა.

ევა ბაბალაშვილი - რა დამოკიდებულება იყო თქვენს შორის და როგორ ავსებდით ერთმანეთს?

თამარ მახარაშვილი - მაშინდელ სულხან-საბას უნივერსიტეტში დაარსდა აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრა და ბატონ ჯემალს ამ კათედრის გამგეობა შესთავაზეს. ბატონი ჯემალი დაარსების დღიდან იყო ამ კათედრის ხელმძღვანელი და მე ვიყავი მისი მოადგილე. შესაბამისად, თუნდაც რაღაც ტექნიკურ საკითხებზე, მიწევდა ბატონ ჯემალთან ურთიერთობა. როგორც კი პირველად მქონდა მცდელობა, რომ პატარა ანგარიში ჩამებარებინა, რა ხდება კათედრაზე, მაშინ დავინახე ის შფოთვა, რომელზეც წეღან გესაუბრეთ. როგორც კი დავიწყე საუბარი რაღაც გეგმებზე, მივხდი, რომ ცუდად იყო ჩემი საქმე. მან მითხრა: „მოდი რა, თამარ, ახლა მე და შენ პოეზიაზე ვისაუბროთ და მაგას შენ რომ გააკეთებ, ეგ ვიცი. ბევრ დროს, მაინცდამაინც ნუ დახარჯავ მაგაზე და სხვა უფრო საინტერესოს დაუთმე“. მე ბატონი ჯემალი სულ მზრდიდა. ერთი სიამოვნება იყო მისი მოსმენა და საოცარი იუმორი ჰქონდა სხვათაშორის. ჩვენ გვიწევდა ხშირად ისრაელში ერთად წასვლა. ერთად ვმონაწილეობდით ღონისძიებებში.

ევა ბაბალაშვილი - რა ღონისძიებები იყო?

თამარ მახარაშვილი - ეს იყო ქართული კულტურის დღეები ისრაელში. ჯემალ აჯიაშვილი აუცილებლად იყო ჩართული ოფიციალურ დელეგაციებში, რომლებიც წარმოადგენდნენ ჩვენს ქვეყანას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ გარდა იმისა, რომ ჯემალი იყო მწერალი და მთარგმნელი, ის იყო საზოგადო მოღვაწე. მოღვაწეობდა პარლამენტში, მაგრამ ეს საქმიანობა არ ხიბლავდა.

ევა ბაბალაშვილი - როგორი იყო საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში?

თამარ მახარაშვილი - როდესაც სენაკში მისი ბარელიეფი გაიხსნა, იქ გამოვიდა აწ გარდაცვლილი გივი წიწუაშვილი და ამ შეკითხვას მან გასცა პასუხი. იცით, რა შეგრძნება მაქვსო, თითქოს ჯემალი ბოდიშს იხდის, ასეთი დიდი რომ არისო. როცა ჯემალს ვეურთიერთებიო, ან სიტყვით როცა გამოდის, ან მის ქცევას რომ ვუყურებო, თითქოს გვებოდიშება: „მაპატიეთ, ასეთი რომ ვარ“. მასზე არის ასეთი შეფასება, რომ ის ამ საუკუნის კაცი არ არიო. დავით აღმაშენებლის ეპოქას ჩამორჩენილ რაინდთა ჯგუფს გავსო. მართლა სხვა ეპოქიდან იყო მოსული.

ევა ბაბალაშვილი - ვინ იყო მისი კუმირი?

თამარ მახარაშვილი - მისი კუმირი იყო შოთა რუსთაველი. მინდა ერთი ისტორიაც მოვყვე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჯემალ აჯიაშვილს ჰქონდა ძალიან ბევრი ჯილდო. სახელმწიფო პრემია რომ მიიღო ჯემალ აჯიაშვილმა, ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ამ პრემიის მიღება იყო ძალიან რთული. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სახელმწიფო პრემიის კომისიის ყველა წევრმა აწია ხელი და წინააღმდეგი არავინ იყო. ასეთი რამ მოხდა მხოლოდ ჯემალ აჯიაშვილზე და ნანი ბრეგვაძეზე.

ევა ბაბალაშვილი - ჯილდო მან როგორც მთარგმნელმა მიიღო?

თამარ მახარაშვილი - ჯემალ აჯიაშვილი იყო პირველ რიგში მთარგმნელი, თუმცა 2013 წელს გამოიცა მისი ორიგინალური სონეტები. სახელმწიფო პრემია მან მიიღო როგორც მთარგმნელმა, შუა საუკუნეების ებრაული პოეზიის, ანუ ანდალუსიური პოეზიის თარგმნისთვის.

ევა ბაბალაშვილი - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯემალ აჯიაშვილი ქმნიდა მინი-სპექტაკლებს. „გაიღვიძე ქნარო!“- პიესა-მონოლოგი, რომელიც კოტე მახარაძემ დადგა „ერთი მსახიობის თეატრში“. ძალიან მაინტერესებს, როგორ ურთიერთობდა ეს ორი უნიკალური ადამიანი? თუ იყავით ამის მომსწრე?

თამარ მახარაშვილი - მე ეს ბატონი ჯემალის გადმოცემით ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ჯემალი საკმაოდ მშვიდი და წყნარი ადამიანი იყო, როდესაც საქმე შემოქმედებას ეხებოდა (განსაკუთრებით კი მის შემოქმედებას), იქ იყო ძალიან კრიტიკული. თუ სცენაზე არ იყო გადმოტანილი ის, რასაც გრძნობდა, ეს მისთვის იყო მიუღებელი. სრული ბედნიერებით იხსენებდა სწორედ იმ პერიოდს, როდესაც „გამოიღვიძე ქნარო!“ ამ დიდმა ადამიანმა - კოტე მახარაძემ, ჯემალთან ერთად, წაიღო ისრაელში. ამ პერიოდს ემთხვევა იცით რა, პირველად ჩავიდა ისრაელში ჯემალი. მახსოვსო ჩემი განცდებიო. ვერ გამოვერკვიეო, რა მინდოდა. როდესაც ფაქტის წინ დავდექიო, დამეწყო საოცარი გაორება. ისრაელში ძალიან ცუდად ვიგრძენი თავიო, იმიტომ რომ დილემის წინაშე დავდექი, სად დავრჩენილიყავი. ერთი რამეც მინდა ვთქვა. მოგეხსენებათ, რომ ჯემალს ისეთი სენი დაემართა, რომ ისრაელში მოუწია მას ბოლო წლებში ყოფნა და იქ გარდაიცვალა. მე არ დამავიწყდება, და ეს ჩემზე კარგად ჯამლეტ ხუხაშვილმა იცის, იმიტომ რომ ყოველდღე ურეკავდა, როგორ ვსაუბრობდით ტელეფონით ღამის საათებში. მას ენატრებოდა ყველაფერი ქართული. მას საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდებოდა და მაშინ ყველაფერი გააკეთა ჩვენმა ქვეყანამ, გადარიცხა თანხაც, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და ისრაელის მოქალაქეობის აღება მოუწია. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ჯემალ აჯიაშვილი რა დღეში იყო, რომ მე როგორ ვთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი. ღაალატის დონეზე ჰქონდა ეს აყვანილი. ჯემალი იყო სულით ხორცამდე ქართველი. ის ემსახურებოდა ქართულ ხელოვნებას, ქართულ ლიტერატურას და ქმნიდა შედევრებს, რომლითაც ჩვენც ვამაყოფთ. ასევე, უნდა იცოდეს ჩვენმა აუდიტორიამ, რომ მას შემდეგ, რაც ჯემალ აჯიაშვილი გარდაიცვალა, გარდა იმისა, რომ გვაქვს ჯემალ აჯიაშვილის სახელობის ქუჩა, გაკეთდა ბევრი რამ. ყოველ წელს აღინიშნება მისი იუბილე. სხვათაშორის, სწორედ ახლა სენაკში მიმდინარეობს მისი კვირეული.

ევა ბაბალაშვილი - რა შედის მის პროგრამაში?

თამარ მახარაშვილი - რასაც ჯემალი ისურვებდა ყოველთვის: სკოლის მოსწავლეებს უკითხავენ ჯემალს, ასევე ლიტერატურული კონკურსები ეწყობა მისი სახელობის სენაკში.

ევა ბაბალაშვილი - პატარა მუზეუმი არის იქ ჯემალის?

თამარ მახარაშვილი - მუზეუმიც არის, ბიბლიოთეკაც არის, ახლა მიმდინარეობს ქუჩისთვის მისი სახელის მინიჭება. თბილისში, როგორც ვახსენეთ, უკვე არის მისი სახელობის ქუჩა, და, რაც მთავარია, ბატონმა ჯამლეტმა სთხოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, და იქაც კონფერენცია ტარდება ჯემალ აჯიაშვილთან დაკავშირებით. ჩვენც 24-ში „ქართველთა და ებრაელთა მუზეუმში“, რა საკვირველია, ავღნიშნავთ ჯემალ აჯიაშვილის იუბილეს.

ევა ბაბალაშვილი - თქვენ ახლა განათლების სფეროში მუშაობთ. რა შეიძლება ახალი შევიტანოთ იმ განათლებაში, რომელშიც ახლა ძალიან დიდი პრობლემებია და ყოველდღე ამაზეა საუბარი? ყოველთვის რაღაც აკლია იმას, რომ განათლებამ საქართველოში მიაღწიოს იმ დონეს, რომელიც არის ყველგან ევროპაში და ა.შ.

თამარ მახარაშვილი - განათლების სამინისტროს აქვს ძალიან სერიოზული რეფორმა წამოწყებული. მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენი საზოგადოება და ჩვენი მომავალი თაობა იყოს რაც შეიძლება მეტად განათლებული. რაც შეეხება ჯემალ აჯიაშვილთან კონტექსტში, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ერთობლივად გავაკეთოთ უფროსკლასელებისთვის ლიტერატურული შეხვედრები, აუცილებლად, და მოვასმენინოთ ჯემალი. ოქროს ფონდი ჯემალ აჯიაშვილის ჩანაწერების არსებობს და ამის გამოყენება, რა საკვირველია, ჩვენ შეგვიძლია. საზოგადოების მზაობაც იმედის მომცემია. გადაცემაში „წიგნის თარო“ საოცრება ხდება. ამ სკოლის მოსწავლეებს რომ ვუყურებ, მიხარია, რომ ასეთი მომავალი თაობა გვყავს.

ევა ბაბალაშვილი - ჩვენმა დრომ სწრაფად გაირბინა. ძალიან საინტერესო თემაზე ვილაპარაკეთ. დიდი მადლობა, რომ აგრძელებთ ჯემალის დაწყებულ საქმეებს. მინდა დავემშვიდობო ჩვენს მაყურებლებს. ეს იყო გადაცემა „წახნაგები“ ევა ბაბალაშვილთან ერთად და ჩვენთან სტუმრად იყო თამარ მახარაშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=qCilj0Ppw38

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: