დღეს ევა ბაბალაშვილის საავტორო გადაცემა „წახნაგები“-ს სტუმარია მომღერალი თამუნა ამონაშვილი

ევა ბაბალაშვილი - დღეს ჩვენთან სტუმრადაა ცნობილი ქართველი პოპ-მომღერალი და მსახიობი თამუნა ამონაშვილი. მან გამოჩენისთანავე დაიკავა თავისი ადგილი ადამიანთა გულებში. შეიძლება მას დიდხანს ჰქონდა რაღაც პაუზები მის შემოქმედებაში, მაგრამ ამან არ შეუშალა ხელი მის პოპულარობას. მისი სიმღერები ჩემთვის ყოველთვის ახლობელია და სმენადია. მოგესალმებით! დიდი მადლობა, რომ გამონახე დრო და ესტუმრე ჩემს გადაცემას „წახნაგები“. თავიდანვე მინდა გკითხო, როგორ აღმოჩნდი ანსამბლ „ივერიაში“?

თამუნა ამონაშვილი - იყო პერიოდი, როდესაც თითქმის ყოველდღე მიწევდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩემთვის იყო ძალიან მოულოდნელი. მაშინ ძალიან პატარაც ვიყავი. 18 წლის ვიყავი „თოვლის ბებო“. იმ პერიოდში თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი და მყავდა ჩემი საყვარელი პედაგოგი ემა ებრალიძე. ის იყო ვოკალის პედაგოგი. მას შვილივით ვუყვარდი და ძალიან განიცდიდა, რომ მე, ასეთი კარგი ხმის ადამიანი, ნიჭიერი, ასე არ დავრჩენილიყავი და სამსახური მქონოდა. თვითონ ურეკავდა უამრავ ადამიანს, რათა ჩემთვის მოესმინათ. ეს გრძელდებოდა ძალიან დიდხანს და უკვე ისე მქონდა მობეზრებული, რომ ამ მოსმენებზე მხოლოდ მისი ხათრის გამო დავდიოდი.

ევა ბაბალაშვილი - შინაგანად თუ გქონდა სადმე მოხვედრის სურვილი?

თამუნა ამონაშვილი - მე ძალიან მინდოდა მუსკომედიაში მოხვედრა. მოხდა ისე, რომ მე არ წავედი მუსკომედიაში და მახსოვს, რომ ვტიროდი კიდევაც. იმ პერიოდში მანანა თოდაძე უკვე წასული იყო და ეძებდნენ სხვა ახალგაზრდებს. ეს მე ქალბატონი ემასგან გავიგე. უნდა მიხვიდეო ბუთხუზ ბასილაიასთან მოსმენაზე. ისე შემეშინდა კი არა და ძალიან დავიძაბე. არ ვიცოდი რა უნდა მექნა. მივედი, ბატონმა ბუთხუზმა გამომკითხა, შემდეგ კი მკითხა: „რომელიმე ჩვენი სიმღერა იცი?“ და აბსოლუტურად არაფერი არ ვიცოდი. მე უფრო კლასიკისკენ ვიყავი, ოპერაზე ვოცნებობდი... ესტრადაზე საერთოდ არ მიფიქრია. მერე მე ვუთხარი ბატონ ბუთხუზს, რომ მქონდა ჩემი კომპოზიციები. თეატრალურ ინსტიტუტში იყო ანსამბლი და იქ ჩემ სიმღერებს მღეროდნენ. მოვასმენინე ბასილაიას ჩემი კომპოზიციები, სადაც ჩანდა დიაპაზონიც და მუსიკალურობაც. რო მოვრჩი, კი გაეცინა, რატომ არ იციო ჩვენი სიმღერები?

ევა ბაბალაშვილი - ალბათ ეწყინებოდა?

თამუნა ამონაშვილი - არა, ბუთხუზი იმდენად კარგი ადამიანი იყო... საოცარი ადამიანი იყო! თუ ის დიდი ადამიანი არ იქნებოდა, მე ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა, იმიტომ რომ როდესაც მე მიმიღეს იქ, განაცხადა, რომ ნურავინ ნუ მოითხოვს იმას, რომ ახლა გამოცდა ჩაუტაროთ ამ ბავშვსო. ის ჩვენ გვჭირდებაო და ჩვენი ოჯახის წევრი უნდა გახდესო. მან გამანთავისუფლა, თორემ მე ისე ვნერვიულობდი, რომ ხელები მიკანკალებდა. ძალიან ვნერვიულობდი და ძალიან განვიცდიდი და ბატონმა ბუთხუზმა ეს მომიხსნა. ზაფხულის დასაწყისი იყო და ანსამბლი მიდიოდა გასტროლებზე. ანსამბლში მივედი სექტემბერში, როდესაც „ივერია“ გასტროლებიდან დაბრუნდა. მახსოვს თეთრი კურტკა მეცვა ჩემი შეკერილი. შემდგომში ბატონი ჯემალ ბაღაშვილი წერდა, რომ „თოვლის ბებო“ წამოვიდა იმ ემოციებიდან, როდესაც პირველად დამინახა. თავიდან სახელწოდება იყო „რქიანეთი“ და მერე გადაკეთდა და დაერქვა „თოვლის ბებოს ზღაპარი“, როთაც ძალიან მოიგო, რადგან უცხო სახელწოდება ჰქონდა. სახელწოდებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ევა ბაბალაშვილი - როგორ იგრძენი საკუთარი თავი ბაბალეს როლში?

თამუნა ამონაშვილი - თავიდან ვერ ვხდებოდი, როგორ უნდა ვიყო თოვლის ბებო, მაგრამ ისე მჯეროდა იმის, რასაც ჩემი უფროსი მეტყოდა და ისეთი ნიჭიერება მოდიოდა ამ უფროსობისგან, რომ მე რა უფლება მქონდა... უნდა მიიღო ის როლი რაც არის.

ევა ბაბალაშვილი - როდესაც „ივერიაში“ იყავი, ყველაფერს ასრულებდი, რასაც გეტყოდნენ, თუ ზოგჯერ წინააღმდეგობას უწევდი?

თამუნა ამონაშვილი - არასოდეს, იმიტომ რომ ბაღაშვილს ისეთი ხედვა ჰქონდა, რომ ყოველთვის წერტილს წერტილზე აჯენდა. იმდენად ლამაზი როლი იყო, რომ ადვილად მივიღე.

ევა ბაბალაშვილი - რამდენი წელი იყავი „ივერიაში“?

თამუნა ამონაშვილი - სადღაც 8-9 წელი.

ევა ბაბალაშვილი - ძალიან დიდი პერიოდია!

თამუნა ამონაშვილი - 600-მდე სპექტაკლი. მართლა გინესის წიგნშია შესატანი! ახალ წელს რომ ვიწყებდით, ზაფხულის დაწყებამდე მიდიოდა დღეში ოთხ-ოთხი სპექტაკლი.

ევა ბაბალაშვილი - ესე იგი, შენ არასდროს გქონდა დრო, რომ საკუთარი ცხოვრებისთვის მიგეხედა?

თამუნა ამონაშვილი - არასოდეს. ჩემი ცხოვრება იყო „ივერიაში“ ყოფნა. სულ გასტროლებზე ვიყავით, სულ ერთად ვიყავით. საოცრად მახსოვს ეს პერიოდი და ამ პერიოდმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა.

ევა ბაბალაშვილი - შენი გზა გამოიკვეთა. თამუნა, მერე რაღაცა პაუზა იყო, ყველაფერი შეიცვალა საქართველოში, ყველაფერი დაიშალა...

თამუნა ამონაშვილი - დენი არ იყო თვეობით.

ევა ბაბალაშვილი - რას აკეთებდი ამ დროს?

თამუნა ამონაშვილი - დიდი ხანი არ გაგრძელდა ეს. ომის შემდეგ იყო სინათლის პრობლემა, მაგრამ მაინც დავიწყეთ მოქმედება. ძალიან ბევრი კონცერტი ტარდებოდა. თუ რამე კეთდებოდა, ყველგან მეძახდნენ. როცა დამთავრდა „ივერიას“ პატარა პერიოდი და არ ვიცოდი რა მეკეთებინა, მაგ დროს დავწერე სიმღერა „როგორ მენატრები“, რომელიც დღემდე ყველამ იცის. მერე ზურაბ ლალიაშვილმა მომცა „ჩიტო ჩიორა“, მერე კიდევ რამდენიმე სიმღერა და ასე ნელ-ნელა დავიწყე. თითქმის ყველა სიმღერა ჰიტი იყო.

ევა ბაბალაშვილი - არიან ადამიანები, რომლებიც ვერ პოულობენ თავის საქმეს...

თამუნა ამონაშვილი - კი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნიჭიერები არიან. სხვათაშორის, მინდა აღვნიშვნო, რომ სანამ „ივერიაში“ მიმიღებდნენ, ზუსტად რამდენიმე თვით ადრე დავიწყე გალობა სიონის ეკლესიაში და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც დიდი საჩუქარი მომცა უფალმა.

ევა ბაბალაშვილი - რანაირი შეგრძნებაა როდესაც გალობ?

თამუნა ამონაშვილი - ეს არაფერს არ გავს. ვერც დავაკონკრეტებ. შეგრძნებით ქვეცნობიერად იცი, რომ ზეციურ ძალებში რაღაც სხვა ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით. ძალიან მიყვარს გალობა. დღესდღეობით დავით აღმაშენებელში ვგალობ კვირაობით.

ევა ბაბალაშვილი - ეს არის შენთვის რელაქსი თუ მოვალეობის მოხდა?

თამუნა ამონაშვილი - რელაქსიც არის... რაც გინდათ დაარქვით.

ევა ბაბალაშვილი - რაღაც პერიოდი მოგიწია უცხოეთში, კერძოდ რუსეთში ცხოვრება... რას აკეთებდი მაშინ?

თამუნა ამონაშვილი - იქ მყავდა ცოცხალი ბენდი. პირველი ორი წელი სანამ მოვერგე ქალაქს, შემდეგ კი შევქმენით ბენდი. მოსკოვში 12 წელი გავატარე. ბენდში იყო ხუთი ადამიანი. მერე ძალიან ბევრი კონცერტი წამოვიდა, ძალიან ბევრს ვშრომობდით. მახსოვს, ისე ვიღლებოდი, რომ ენაზე ვალერიანს ვიწვეთავდი, რომ გული არ წამსვლოდა.

ევა ბაბალაშვილი - თუმცა ეს რომ არ გქონოდა...

თამუნა ამონაშვილი - უდიდეს მადლობას ვწირავ უფალს, რომ ვიყავი მოთხოვნადი. ვიღაცას რომ ჭირდები, ძალიან მაგარი რაღაცაა და მითუმეტეს, შენ თავსაც რომ სჭირდები.

ევა ბაბალაშვილი - რუსეთში ქართულ სიმღერებს მღეროდი?

თამუნა ამონაშვილი - ქართულსაც, რუსულსაც, ინგლისურსაც, ფრანგულსაც, მაგრამ ყველაზე დიდი მოწონება ქართულს ჰქონდა.

ევა ბაბალაშვილი - გასტროლებზე დადიოდით რუსეთში?

თამუნა ამონაშვილი - უფრო მოსკოვში.

ევა ბაბალაშვილი - რუსეთიდან რატომ წამოხვედით?

თამუნა ამონაშვილი - ჩვენ დაგვპატიჟეს ოლიმპიური სოფლის გახსნაზე სოჭში. ძალიან ბევრი ანსამბლიდან აგვარჩიეს ჩვენ. საორგანიზაციო საკითხებს ჩემი მეუღლე აგვარებდა, მუსიკალურ მხარეს კი მე თვითონ ვაკეთებდი ჩემს მუსიკოსებთან ერთად. ფანტასტიური კონცერტი ჩავატარეთ.

ევა ბაბალაშვილი - რუსეთში მღეროდი ქართულ სიმღერებს. რაღაც წინააღმდეგობა თუ გქონია ამასთან დაკავშირებით?

თამუნა ამონაშვილი - არავისგან. მე მაჩერებდნენ და მთხოვდნენ, რომ ქართული სიმღერები მემღერა.

ევა ბაბალაშვილი - თუ არის რაიმე, რისი გაკეთებაც გინდა, მაგრამ ჯერ ამისათვის მზად არ ხარ?

თამუნა ამონაშვილი - ძალიან კარგი თანამედროვე სოლო კონცერტი მაქვს ჩატარებული 2001 წელს. ძალიან დიდი დრო გავიდა და კიდევ მინდა ისეთი რაღაცის გაკეთება, რომ იყოს ცოცხალი კონცერტიც და ამასთან, რაღაც სანახაობაც მინდა. არ მინდა ეს გაყინული ორკესტრი და მარტო გამოხვიდე და იმღერო. რაღაც სხვა მინდა. საინტერესო, დინამიური და სანახაობრივი შოუ უნდა იყოს. თუ გავაკეთე, ძალიან კარგი უნდა გავაკეთო.

ევა ბაბალაშვილი - თუ გყავს ვინმე, ვინც ამ იდეების განხორციელებაში დაგეხმარება?

თამუნა ამონაშვილი - ზოგადად ბევრი ადამიანია, ვისი იმედიც მაქვს, მაგრამ ეს ისეთი რამეა, რომ უშუალოდ მუშაობის დროს მიხვდები, ვინ გჭირდება.

ევა ბაბალაშვილი - შთაგონება გჭირდება სიმღერის დროს?

თამუნა ამონაშვილი - ხალხის ენერგიაზე ბევრია დამოკიდებული. როცა ენერგია ცოტაა, შენც ვერ გრძნობ თავს კარგად.

ევა ბაბალაშვილი - სად გქონია ძალიან დიდი ემოციები დარბაზიდან?

თამუნა ამონაშვილი - ეს ძალიან ხშირად მქონდა „ივერიის“ სპექტაკლების დროს. ვგულისხმობ 1992-1995 წლებს. ისეთ სიყვარულს ვგრძნობდი ხალხისგან! ბაბალეს მეძახდნენ, ქუჩაში რომ მოვდიოდი, რადგან მაშინ ჯერ ჩემი სახელიც არ იცოდნენ.

ევა ბაბალაშვილი - დამწყებმა ნიჭიერმა მომღერალმა რომ გთხოვოს დახმარება, მიიღებთ?

თამუნა ამონაშვილი - თუ ვიცი, რომ ნიჭიერია, ალბათ რაღაცნაირად შევაწუხებ ნაცნობებს, ახლობლებს... ჩემი მხრიდან რაღაცას გავაკეთებ, მაგრამ ესეც იცით როგორი რაღაცაა - ადამიანმა შენ თვითონ უნდა გააკეთო. შეიძლება უბრალოდ ვიღაცამ ბიძგი მოგცეს.

ევა ბაბალაშვილი - რას ურჩევდი ახალგაზრდა მომღერლებს- როგორ მიაღწიონ წარმატებას?

თამუნა ამონაშვილი - მე ვთვლი, რომ ყველანაირი შრომა ფასდება. აუცილებლად უნდა იყო მშრომელი. შეიძლება ნიჭი გქონდეს საშუალოდ ნორმალური, მაგრამ შრომა მაინც აუცილებელია. შენი გარეგნობა, შენი ხმა, შენი მონაცემები, შენი შინაგანი სამყარო - ეს ყველაფერი ერთად უნდა შექმნა, შეკრა და მიაწოდო მსმენელს.

ევა ბაბალაშვილი - და ვიღაც უნდა გყავდეს, ვინც გეტყვის, რომ აი ახლა მზად ხარ...

თამუნა ამონაშვილი - აუცილებლად მოიანხება ის ვიღაცა. როდესაც ყველა შენს ნიჭიერებას კარგად შეფუთავ და მიაწვდი, აუცილებლად დაინახავენ ამას და ვიღაცა აუცილებლად გეყოლება ხელის წამკვრელი. და კიდევ ერთი რაღაც: აუცილებლად უნდა იყო ის, რაც ხარ. არ ვურჩევ, რომ ვინმეს მიბაძონ ან დაემსგავსონ. შენი ხმა, შენი ხმის ტემბრი... დაე მღეროდე ნაკლები, სხვისგან განსხვავებული მელიზმებით. მელიზმებში არ ითვლება კარგი მომღერლობა. მომღერლობა აბსოლუტურად სხვა რაღაცაა. აი აქედან რომ მოდის სინათლე, აქედან რომ მოდის მთელი შენი შინაგანი სამყარო და რომ მიაწვდენ შენს ხმას, შენ სიტყვებს, სიმღერას, მელოდიას და ადამიანი რომ გისმენს და სიტკბო ჩასდის სხვას გულში - აი ეს არის მომღერლობა. და კიდევ: მომღერლობა არ არის ყვირილი. რაღაცა სხვა არის. ეს უბრალოდ უნდა იგრძნოს მსმენელმა და მას ბურძგლებმა უნდა დააყაროს. ასე რომ, ეს ძალიან საინტერესოა და ძალიან რთული.

ევა ბაბალაშვილი - ყველას გვაქვს რთული გზა გასავლელი. ნუ გეშინიათ ამ გზის, იშრომეთ და ყველაფერს მიაღწევთ. ეს იყო გადაცემა „წახნაგები“ ევა ბაბალაშვილთან ერთად და ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმარი იყო თამუნა ამონაშვილი.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: