რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავებული პროფესიის მქონე ადამიანებისთვის ლიტერატურა, ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში "ერთ მერხთან" იურისტი თათია ელიაძე საუბრობდა.

რამდენად შეიძლება განსხვავებული პროფესიის ადამიანზე რაიმე ტიპის გავლენა მოახდინოს მხატვრულმა ლიტერატურამ და ეს ჭირდებოდეს მას?

თათია ელიაძე: იურისპუდენციაზე ლიტერატურის გავლენა იმდენად დიდია, რომ ამ პროფესიაში არსებობს ცალკეული მიმართულებები, რომელიც საუნივერსიტეტო სწავლების ფარგლებში ცალკე საგნებად საქართველოშიც არის. მაგალითად არის ასეთი სალექციო კურსი „ლიტერატურა და სამართალი“, „ფილოსოფია და სამართალი“, იმიტომ რომ იმდენად დიდია ბუნებითი სამართლის გავლენა, რომელსაც თავისთავად ლიტერატურული საწყისები აქვს, რომ ამის კვლევა საკმაოდ საინტერესოა.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ცნობილი არის საკანონმდებლო ნორმის ახსნა-განმარტების თორმეტამდე ხერხი, რომელიც ცალკეული ახსნა განმარტების ფორმის მიხედვით შესაძლოა აბსოლუტურად სხვადასხვა შინაარსი გამოვიდეს.

როგორ შეიძლება ეს ჩვენ თანამედროვე პრაქტიკაში წაგვადგეს?

თათია ელიაძე: თანამედროვე პრაქტიკაში წაგვადგება იმიტომ რომ, სასამართლო დღეს ფაქტობრივად საკანონმდებლო ნორმების განმარტებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ზოგადად იურისპუდენციის განვითარება ხდება სწორედ საკანონმდებლო ნორმების განმარტებიდან. ზოგადად ლიტერატურა ადამიანებს ეხმარება, რომ უფრო ადაპტირებული გახდნენ რეალობისადმი.

მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურაში გამოგონილი უფრო მეტი არის?

თათია ელიაძე: დიახ მიუხედავად იმისა, რომ გამოგონილი უფრო მეტი არის, საკუთარ წარმოსახვაში ჰიუგოს დავესესხები „თუ არის ქიმერა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეიძლება სიცოცხლე მისცე“. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს მსოფლმხედველობის ჰორიზონტს აფართოებს და შესაბამისად სხვადასხვაგვარი აღქმის შესაძლებლობაც წინ გადადგმული ნაბიჯი არის.

რამდენად გაგიმართლა სკოლაში ქართულის მასწავლებელში?

თათია ელიაძე: სხვათაშორის იმ პატარა ქალაქში სადაც ვსწავლობდი, ძალიან ბევრი რამ მომცა კონკრეტულმა მასწავლებლებმა. ქართულს მასწავლიდა რუსუდან მეგრელაძე და იმ პერიოდში ჩვენ ჯერ კიდევ ვიყენებდით პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების პროცესს. ჩვენ განვიხილავდით კონკრეტულ ქეისებს და პრობლემურ საკითხებს ლიტერატურილ ჭრილში და ეს არ ყოფილა პერსონაჟის დახასიათება არსებული ტექსტის მიხედვით. მე ძალიან წარმოუდგენლად მეჩვენება რაღაცეების დაზეპირებით მნიშვნელოვან შედეგებამდე მისვლა.

ანუ მთლიანად გამორიცხავ სკოლაში საზეპიროების სწავლას?

თათია ელიაძე: ამ შემთხვევაში სუბიექტური ვიქნები, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ ვიზეპირებდი ტექსტებს. არ მგონია ლიტერატურაში, საზეპირო მნიშვნელოვანი იყოს, იმიტომ რომ თუ ტექსტი არ გაძლევს ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, ეს არის ფუჭად დაკარგული დრო.

რამდენად არსებობს საქართველოში კარგი იურიდიული ლიტერატურა? ვგულისხმობ ერთის მხრივ თარგმანს და მეორე მხრივ ქართველ ავტორებს?

თათია ელიაძე: თარგმანთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს, ფაქტიურად იურისტი განწირულია თუ კარგად არ ფლობს ინგლისურს ან გერმანულს, მას განვითარების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. რაც შეეხება მკვლევარებს, მეცნიერება ამ სფეროში არის არაპოპულარული, იმიტომ რომ პრაქტიკოს იურისტებს გადარჩენის და განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე თეორიტიკოსებს. თუმცა, არსებობს რამდენიმე ადამიანი რომლებიც ამ სფეროში თავის დროზეც და ახლაც მნიშვნელოვან სიტყვას ამბობენ.

გაგჩენია სურვილი გემუშავა სტატიაზე რომელიმე ნორმასთან დაკავშირებით, რაც შენი აზრით აღარ თანხვდება თანამედროვე დროსთან?

თათია ელიაძე: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვლევითი კომპონენტი. ძალიან ბევრი სტატია დამიწერია, მათ შორის საერთაშორისო გამოცემებისთვისაც და ეს არ არის შედარებითი ანალიზი. მაგალითად ახლა ვმუშაობ დისერტაციაზე, რომელიც ორიენტირებულია დაინახო პრობლემური კუთხით არსებული საკანონმდებლო ნორმები.

და ბოლოს, ტრადიციული კითხვა, სამი წიგნი რომელსაც ურჩევდით მსმენელს?

„დრო უნდა ჩერდებოდეს“ - ოლდოს ჰაქსლი;

„მდევარი“ - ხულიო კორტასარი;

„კაცი რომელიც იცინის“ - ვიქტორ ჰიუგო.

მასალის აუდიო ვერსია

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: