"თბილისობა 2017" 7 ოქტომბერს დილიდან დაიწყო. წელს იგი 7-8 ოქტომბერს გაიმართა და დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. ღონისძიებების ძირითადი ლოკაციები, რიყის პარკი, ევროპის მოედანი, ლეღვთახევი და განახლებული აღმაშენებელის გამზირი იყო.

დღესასწაულის პირველ დღეს რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე, თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები მოეწყო. რიყის პარკის ამფითეატრში კი საბავშვო გასართობი ღონისძიებები – ხატვა, ძერწვა, სახეზე მოხატვა, კარაოკე და მხიარული შეჯიბრებები ჩატარდა. ასევე, გაიმართა სპორტული აქტივობები – რაგბი, ფეინთბოლი, მინდვრის ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, ნარდი, შაში, ქართული ჭიდაობა. მოეწყო, შავფაროსნების და პარკურის შოუ, ფრანების ფესტივალი, სადაც სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფრანები გამოიფინა, ბავშვებისთვის კი მასტერკლასები გაიმართა.

“თბილისობის” დღესასწაულზე ღვინის ფესტივალს რიყის პარკი ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო და დამთვალიერებლებს მათი დეგუსტაცია და შეძენა შეეძლოთ. გაიმართა შემოდგომის ნობათის – სასოფლო-სამეურნეო ქართული პროდუქციისა და ნუგბარის გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიების მეორე დღეს სხვადასხვა გასართობი, კულუტურული და სპორტული ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა. შეკრების ძირითადი ადგილი ისევ რიყის პარკი, ევროპის მოედანი, "ახალი ტფილისი" და ლეღვთახევი იყო.

მეტეხის ხიდზე, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ტრადიციული ავტოშოუ გაიმართა. ხიდზე ასევე გამოფენილი იყო თბილისის ავტომუზეუმის უნიკალური ავტომობილები, ასევე, სპორტული მანქანები, მოტოციკლეტები, სკუტერები, ველოსიპედები და სხვა საინტერესო მოდელები.

8 ოქტომბერს სიონის ქუჩაზე ხილის ფესტივალიც გაიმართა, ხოლო "თბილისობა 2017" თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებით და საზეიმო გალა კონცერტით დასრულდა. "საპატიო თბილისელები“ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დააჯილდოვა. ეს სტატუსი წელს 13 ადამიანს გადაეცა, მათ შორის, ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანს. ასევე, საპატიო თბილისელებს შორის არიან: ლადო ათანელი, თამაზ ტყემალაძე, რომან შაქარიშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, მერაბ თავაძე, გულიკო ჩაფიძე, დემიკო ლოლაძე, ეთერ ქემერტელიძე, ზაირა დავარაშვილი, ვაჟა დურგლიშვილი, თამაზ ყურაშვილი, ზაზა ფაჩულია.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: