„თბილისობა 2018" 6-7 ოქტომბერს გაიმართება. დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის გასართობი და კულტურული ღონისძიება დედაქალაქის რამდენიმე უბანშია დაგეგმილი. ძირითადი სადღესასწაულო ღონისძიებები დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანსა და ლეღვთახევის ტერიტორიაზე გაიმართება.

„6 ოქტომბერს ევროპის მოედანზე შედგება „თბილისური ვოდევილის“ პრემიერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული სცენის ვარსკვლავები ყველა იმ ეთნოსითა და ნიუანსით, რომელიც თბილისს ახასიათებს. სცენაზე მულტიკულტურული თბილისი გაცოცხლდება. „თბილისობის“ დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი იქნება „გვიდირიჟორე“. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განთავსებული ორკესტრი მსმენელს პოპულარულ მელოდიებს შესთავაზებს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 7 ოქტომბერს, კონკას მიმდებარე სკვერში, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნება და „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე კი, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი შედგება, რომელიც ასევე, რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება.

„კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ხოლო სცენაზე იდგება ყველა ის მომღერალი, რომელიც სიმღერებს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის რეპერტუარიდან ასრულებს. ასევე, რიყის პარკში მოეწყობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყვავილების ინსტალაცია, რომლის გარშემოც სხვადასხვა კულინარიული კუთხე განთავსდება.

საზეიმო ღონისძიებების პროგრამა საკმაოდ საინტერესო იქნება. ამიტომ, მივმართავ ყველას, ვისაც გაუხარდება, მოვიდეს, მოიყვანონ შვილები, შვილიშვილები და „თბილისობა“ ერთად ვიზეიმოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

GBTIMES Georgia თბილისობის დღესასწაულის ტრადიციული მონაწილე იქნება, მედია ჰოლდინგში შემავალი რადიოები: JAKO FM, "შოკოლადი" და LIFE FM, პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას რიყის პარკიდან განახორციელებენ და უმასპინძლებენ საინტერესო სტუმრებს.

"მოხარულები ვართ, რომ უკვე ტრადიციულად დედაქალაქში არსებული თითქმის ყველა სახალხო დღესასწაულის მონაწილე ვართ, ჩვენთვის ეს დღე განსაკუთრებით სასიხარულოა, იმიტომ რომ ჩვენი მაუწყებლობა FM სივრცეში ვრცელდება თბილისის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში. ვფიქრობ, ჩვენი ინოვაციური პორტატული სტუდია იქნება ამ საყოველთაო დღესასწაულის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალი", - განაცხადა GBTIMES Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ტარახჩევმა.

2018 წელს „თბილისობა" 34-ედ აღინიშნება. პირველად იგი 1979 წელს იზეიმეს. ღონისძიების ინიციატორი ცნობილი ქართველი მოგზაური, ეთნოგრაფი და ჟურნალისტი გვანჯი მანია იყო. საქართველოში 1989-1994 წლებში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო „თბილისობას" არ აღნიშნულა, თუმცა 1995 წლიდან დღესასწაული აღდგა.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: