"თბილისობა 2018" საქართველოს დედაქალაქში მრავალი საზეიმო ღონისძიებით წარიმართა, 6 ოქტომბერი ყვავილების დღესასწაულით დაიწყო და მუსიკალური და საბავშვო-გასართობი ღონისძიებებით გაგრძელდა, რითაც დღეს არაერთმა თბილისელმა და სტუმრად სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსულმა ტურისტმა ისიამოვნა.

საზეიმო ღონისძიებები, დედაენის ბაღში, რიყეზე, მეიდანზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე და ლეღვთახევში იმართებოდა.

GBTIMES Georgia უკვე მესამე წელია თბილისობის დღესასწაულის ტრადიციული მონაწილეა, მედია ჰოლდინგში შემავალი რადიოები: JAKO FM, "შოკოლადი" და LIFE FM, პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას რიყის პარკიდან ახორციელებდნენ და საინტერესო სტუმრებს მასპინძლობდნენ. მათ შორის იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, კულტურის და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია, საპატიო თბილისელი ჯამლეტ ხუხაშვილი, ასევე კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები.

"მინდა ყველას მივულოცო თბილისობა თქვენი სტუდიიდან. თბილისის მერიამ არაჩვეულებრივი დღესასწაული აჩუქა ყველას. მოხარული ვარ, რომ დღეს ამდენი ადამიანი მოვიდა ამ დღის აღსანიშნავად. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ და თქვენს მსმენელს თბილისობას", - ასე მიულოცა GBTIMES Georgia-ს სტუდიიდან თანამოქალაქეებს თბილისობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ღონისძიებას რიყის პარკში დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქართული ესტრადის ცნობილმა სახეებმა კი რიყის პარკის სცენიდან ქალაქური სიმღერებით ყველას ბედნიერი "თბილისობა" უსურვეს.

თბილისობა 2018