„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ჩანბას ეკონომიკური ზონის“ განვითარების სამსახურის დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდი“ საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ქართული პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის შესახებ ისაუბრეს. „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა ჩინეთის დელეგაციას ფონდის ინვესტირების პრინციპები გააცნო. ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის ფორმატში, ამ ეტაპზე დაინტერესებულია საქართველოში წარმოებული პროდუქციის იმპორტით, კერძოდ, ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ჩინეთის ბაზარზე რეალიზაციით. კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, თავად იზრუნოს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და გაყიდვების ხელშეწყობაზე.

შეხვედრას „საპარტნიორო ფონდის“ მხრიდან, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაიასთან ერთად, ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი ნინო ჩოლოყაშვილი, ჩინეთის მხრიდან კი - სიანის ჩანბას სავაჭრო კორპორაციის გენერალური დირექტორი სიუ კაი და კორპორაციის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი ხუ ლიჰონგი ესწრებოდნენ.

ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ 2020 წელს „ჩანბას ეკონომიკურ ზონაში“ ოფიციალურად გაიხსნება ევრაზიის საგამოფენო ცენტრი, სადაც წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის შენსის პროვინციის დედაქალაქი სიანი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული და კულტურული ზონაა, რომელიც წარმოადგენს, როგორც ისტორიული აბრეშუმის გზის, ასევე თანამედროვე „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ცენტრს, შესაბამისად გაყიდვების მოცულობა ამ ქალაქში ძალიან მაღალია. ამ მიმართულებით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ამოცანები დასახეს და ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო შეხვედრები დაგეგმეს.