2018 წლის 27 აპრილს, 09:00-ზე, სასტუმრო ,,მილენიუმ ბილტმორში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო-ჩინეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ღონისძიება "სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის” პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია.

ღონისძიების მხარდამჭერები ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს ადგილობრივი მთავრობა და ჩინური კომპანია “Tiangbei” არიან. ღონისძიების მთავარი თემა საქართველო-ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები და ,,სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის“ ინიციატივის ფარგლებში ჩინეთში “Duty Free”-ს ქართული მაღაზიების გახსნაა. შესაბამისად, ღონისძიებაში ჩინეთის მხრიდან ძირითადად მონაწილეობას ის დელეგატები მიიღებენ, რომლებიც აღნიშნული მაღაზიების გახსნის პროექტში არიან ჩართულნი. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ მეწარმეებს ქართული პროდუქციის ექსპორტირებაში ჩინეთის დიდ ბაზარზე.

ფორუმის ფარგლებში, 2018 წლის 27 აპრილს, 13:00-ზე ქართული პროდუქციის გამოფენა გაიმართება, სადაც ბიზნეს-სექტორს საშუალება ექნება სრულიად უფასოდ დაიკავოს სტენდები და დელეგატებს საკუთარი წარმოებული პროდუქტი წარუდგინოს.

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალური წარმომადგენლობის მიერ დაიგეგმა, რომელიც ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში 2017 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. წარმომადგენლობის მუშაობის მიზანია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ბიზნეს წრეებს შორის კომუნიკაციების დამყარების ხელშეწყობა.