დღეს ევა ბაბალაშვილის საავტორო გადაცემა „წახნაგები“-ს სტუმარია ფსიქოლოგი თინათინ ბასილაია

ევა ბაბალაშვილი - დღევანდელი ჩვენი სტუმარია თიკო ბასილაია, რომელიც არის ფსიქოლოგი, ქოუჩი (მწვრთნელი, მასწავლებელი) და ასევე ბაირონ ქეითის სწავლების მიმდევარი. მოგესალმებით!

თიკო ბასილაია - მოგესალმებით! დიდი მადლობა მოწვევისთვის! მივესალმები თქვენს მსმენელს და მაყურებლებს, ვიმედოვნებ, ის დრო, რასაც ისინი ჩვენთან ერთად გაატარებენ, ნამდვილად იქნება საინტერესო, სასარგებლო და ბევრი ახლის აღმომჩენი.

ევა ბაბალაშვილი - მე ვიცი, რომ დაამთავრე ფსიქოლოგიის ფაკულტეტი საქართველოში. რატომ ფსიქოლოგია? როგორ მოხდა, რომ გახდი ფსიქოლოგი?

თიკო ბასილაია - ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო ეს სფერო: ადამიანები, საკუთარ თავზე დაკვირვება, საკუთარი თავის უკეთ გაცნობა... ისე მოხდა, რომ 13 წლის ასაკში დედამ მიმიყვანა ფსიქოლოგთან (ნანა ჩაჩუასთან). ვიცვლიდი ბევრჯერ სკოლას, და დედა დაფიქრდა, რომ იქნებ რამე პრობლემა აქვს და გადაწყვიტა, რომ ფსიქოლოგთან მივსულიყავით.

ევა ბაბალაშვილი - რატომ იცვლიდი ხშირად სკოლებს?

თიკო ბასილაია - სხვადასხვა პრობლემები: იყო პრობლემები მეგობრებთანაც, იყო საკუთარი თავის ძიების პროცესი, იყო ახლის გაგების სურვილი...

ევა ბაბალაშვილი - 13 წლის ასაკში?

თიკო ბასილაია - კი. ბევრ საკითხზე ვფიქრობდი ბავშვობიდანვე. ყოველთვის მსურდა საკუთარ თავზე მემუშავა და ახალი მეპოვა საკუთარ თავში, ვყოფილიყავი იმაზე უკეთესი, ვიდრე ვიყავი გუშინ და განვითარების პროცესი ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო. როდესაც ნანა ჩაჩუასთან მივედი, მისი ჯგუფი ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო. მე მასთან 7 წელი ვიარე. ჩვენ ძირითადად ვსაუბრობდით ფსიქოლოგიურ, ფილოსოფიურ თემებზე, უყურებდით სხვადასხვა ფილმებს, ვკითხულობდით წიგნებს, შემდეგ ვარჩევდით.

ევა ბაბალაშვილი - ერთგვარი ფსიქოთერაპია იყო?

თიკო ბასილაია - შეიძლება ასეც დავარქვათ. ეს იყო ადგილი, სადაც მე შემეძლო ნამდვილად დავკავებულიყავი იმ თემებით რაც მაინტერესებდა.

ევა ბაბალაშვილი - გაძლევდათ საშინაო დავალებებს?

თიკო ბასილაია - იყო ხოლმე ასეც. ზოგჯერ სავარჯიშოებსაც ვასრულებდით. ეს იყო ადგილი, სადაც შეგვეძლო უკეთ გაგვეცნო საკუთარი თავი, ასევე ჩვენი თავის გამოხატვის საშუალებაც გვეძლეოდა. ნანასთან სიარულმა ძალიან ბევრი მომცა, ჩამომიყალიბა ის მთავარი ღირებულებები, რითიც დღეს მოვდივარ. ჩემს ოჯახთან ერთად ნანამ დიდი წვლილი შეიტანა ამაში და როდესაც მას ვუყურებდი, იმდენად შთამაგონებელი იყო ჩემთვის ის, თუ როგორ მსჯელობდა, როგორი განათლება ჰქონდა, როგორი მრავალმხრივი ადამიანი იყო, როგორი განვითარებული და ჩემთვის გახდა ერთგვარი შთაგონება რომ მეც ამერჩია ეს პროფესია. შემდეგ ჩავაბარე უნივერსიტეტში. სწავლის დროს მუდმივად მქონდა პტაქტიკის მოთხოვნილება. ჩვენ ძირითადად თეორიულ მასალებს ვეცნობოდით და ჩემთვის ფსიქოლოგია პირველ რიგში არის საკუთარი თავის გაცნობა და რაც შეიძლება მეტი პრაქტიკის განხორციელება.

ევა ბაბალაშვილი - რა არის საკუთარი თავის გაცნობა შენთვის?

თიკო ბასილაია - ჩემთვის ეს არის რომ გავიგო, რატომ ვიქცევი ისე, როგორც ვიქცევი, რატომ ვფიქრობ ისე, როგორც ვფიქრობ, რატომ არის ჩემი ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. ამ ძიებისა და სწავლის პროცესში აღმოვაჩინე, რომ ჩვენი ცხოვრება არის ზუსტად ისეთი, როგორი ფიქრები და წარმოდგენები გვაქვს საკუთარი თავის შესახებ, ცხოვრების შესახებ...

ევა ბაბალაშვილი - უნდა უსმინო შენს თავს...

თიკო ბასილაია - აბსოლუტურად! ერთ-ერთ ტრენინგზე ვიყავი, რომელიც მოლდოველ ფსიქოლოგს მიყავდა, და მისი მოსმენით და მისი სავარჯიშოების შესრულებით დავინახე, რომ თურმე ბავშვობაში რა გადაწყვეტილებებიც მივიღე, სადღაც ჩარჩენილი ფიქრები საკუთარ თავზე თუ ცხოვრებაზე, ზოგადად ადამიანებზე, ის წარმოდგენები რაც მქონდა, შემდეგ თურმე ეს ყველაფერი მმართავდა მე და ქმნიდა ჩემს რეალობას, განაპირობებდა ჩემს გადაწყვეტილების მიღებას - მივიღებდი თუ შევჩერდებოდი, გახსნილი ვიქნებოდი თუ ჩავიკეტებოდი... ეს ყველაფერი მე მმართავდა. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ესეთი თერაპიული პროცესების შემდეგ შეიძლება, რომ გავთავისუფლდეთ იმ ოდესღაც მიღებული გადაწყვეტილებებისგან, რაც ბავშვური გონებით ჩვენ მივიღეთ. შეიძლება, რომ ამაზე ვიმუშაოთ, ამისგან გავთავისუფლდეთ, გავაანალიზოთ და შემდეგ ახლებური ცხოვრება შევქმნათ და ჩვენი სცენარით დავწეროთ და არ გვმართოს ძველმა განცდებმა.

ევა ბაბალაშვილი - ვინ არის ბაირონ ქეითი?

თიკო ბასილაია - ეს არის ამერიკელი სპიკერი და ავტორი, რომელსაც ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. ის დეპრესიით იტანჯებოდა და მას ერთ დღესაც გასხივოსნებას რომ ეძახიან, ეს დაემართა. მან აღმოაჩინა, რომ შესაძლოა რეალობას ჩვენ ნეგატიურად აღვიქვავდეთ არა რეალობის გამო, არამედ ჩვენი ფიქრებისა და შეფასებების გამო. თუ ჩვენ ამ ფიქრებს კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ, თუ ჩვენ მათ გამოვიკვლევთ, მათზე მაღლა დავდგებით, მათგან გავთავისუფლდებით, შესაძლოა იმავე რეალობაში, რომელიც არ იყო ჩვენთვის საიმედო, სრულიად სხვა სურათი დავინახოთ. შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენც ბევრად უფრო კარგები ვართ, ვიდრე გვეგონა რომ ვიყავით.

ევა ბაბალაშვილი - ბაირონის ხედვით, რა არის დეპრესია?

თიკო ბასილაია - დეპრესია არის საკუთარ ფიქრებზე მიჯაჭულობა, საკუთარ იდენტობაზე მიჯაჭულობა. ჩვენ, ადამიანები, ხშირად წარსულით ვცხოვრობთ. ის რაც მოხდა, რეალურად წარსულში დარჩა, მაგრამ ჩვენ მაინც ვადარებთ ამას. შემდეგ როდესაც ვფიქრობთ მომავალზე, რომელიც ჯერ არ დამდგარა, და გვგონია, რომ რაც წარსულში დაგვემართა, შესაძლოა იგივე შეგვემთხვეს მომავალში.

ევა ბაბალაშვილი - დეპრესია არის დაავადება. ქეითის მიხედვით, მისი მედიკამენტოზური მკურნალობა არ არსებობს?

თიკო ბასილაია - თვითონ ქეითი მედიკამენტებით მკურნალობას არ იყენებს თავის პრაქტიკაში. ის ადამიანებთან მუშაობს მათ ფიქრებზე, ის ეხმარება, რომ წარსული ტრავმებისგან გათავისუფლდნენ ამ ფიქრების გამოკვლევით, იმ ადამიანების პატიებით, ვისაც ისინი არ პატიობენ, იმიტომ რომ აქვთ განცდა, რომ მათ ზიანი მიაყენეს. ქეითის მეთოდში რა მომწონს ძალიან, რომ ის ეხმარება ადამიანებს თავად იპოვონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა მომხდარში. როდესაც ვაცნობიერებთ, რომ მომხდარში ჩვენი როლიც იყო, აქ უკვე გამოსავალი ჩნდება.

ევა ბაბალაშვილი - ადამიანი, რომელმაც რაღაცა დააშავა და ამისგან განთავისუფლება უნდა, მიდის ტაძარში და მამაოს ესაუბრება. რამდენად არის ეს თანხვედრაში ქეითის სწავლებასთან?

თიკო ბასილაია - მე ვიტყოდი, რომ ეს ძალიან კარგად ავსებს ერთმანეთს.

ევა ბაბალაშვილი - თუ შეუძლია ეკლესიას რომ გამოიყვანოს ადამიანი დეპრესიიდან?

თიკო ბასილაია - მე მჯერა, რომ ეკლესია ძალიან დიდი ხსნა შეიძლება იყოს ადამიანისთვის. მთავარია - თვითონ ადამიანი იყოს გახსნილი. როდესაც ადამიანი დეპრესიაშია, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმედი. მე შემიძლია უფრო მეტად ვისაუბრო ფსიქოთერაპიაზე და ზოგადად ფსიქოლოგიაზე, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და რითიც თავად ვარ დაკავებული. ამ მხრივ უფრო კომპეტენტური ვიქნებოდი. ბაირონ ქეითის ნაშრომიდან გავაცნობიერე, რა არის პატიება. ქეითის ამას ძალიან კარგად განმარტავს. ის ამბობს, რომ პატიება ეს არის იმის აღმოჩენა, რომ რაც მეგონა რომ მოხდა, სინამდვილეში არ მომხდარა. ეს მოხდა მხოლოდ ჩემს გონებაში და ფიქრებში.

ევა ბაბალაშვილი - დეპრესიისგან განკურნებული ადამიანი თუ გინახიათ?

თიკო ბასილაია - ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ადამიანი ჩემთვის ქეითი არის. როდესაც მას შევხდი (ეს იყო 2016 წელს გერმანიაში), ის იყო მაშინ ალბათ 72 წლის, და ვუყურებდი მას და ისეთი თვალები, როგორიც მას ჰქონდა, არავის სახეზე არ მინახავს. იყო სყვარულით და სიკეთით სავსე თვალები. მას როდესაც ვუყურებდი, მეგონა, ვერ ვგრძნობდი, რომ ის იყო 72 წლის. მეგონა, რომ მის სხეულში 18 წლის გოგონა ცხოვრობდა. ისეთი თავისუფალი იყო, ისეთი ლაღი იყო, ისეთი გახსნილი იყო... სხვა ენერგეტიკა მოდიოდა მისგან და მე მივხდი, რომ ადამიანმა ნამდვილად იმუშავა თავის თავზე და რასაც ის თავის წიგნში წერს, თავადაც ასე ცხოვრობს. მისი ნახვა და ეს თვალსაჩინო მაგალითი ჩემთვის ძალიან დიდი იმედი იყო, რომ აბსოლუტურად ყველანაირი სიტუაციისგან ყველანაირი სირთულისგან შეგვიძლია გავთავისუფლდეთ, თუ გახსნილები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ გახსნილები.

ევა ბაბალაშვილი - თიკო, შენთან რომ მოვიდეს ადამიანი, რომელსაც რაღაც პრობლემები აწუხებს, შენ იღებ საკუთარ თავზე იმხელა პასუხისმგებლობას, რომ მას მოუსმინო და დაეხმარო?

თიკო ბასილაია - როდესაც ჩემთან მოდიან ადამიანები, პირველ რიგში მე ვისმენ მათი პრობლემების შესახებ და შემდეგ ჩემი შინაგანი განცდით ვგრძნობ, შემიძლია თუ არა ამ ადამიანს დავეხმარო. თუ არის საკითხები, რომლებშიც ჯერ არ ვარ საკმარისად კომპეტენტური, ყოველთვის გადავამისამართებ ხოლმე მათ. როდესაც ჩემთან მოდიან ადამიანები, მე ვიღებ მათ ისეთებად, როგორებიც არიან. მე ისინი მიყვარს თავიანთი შეცდომებით, თავიანთი განცდებით და ტკივილით. მე არ განვიკითხავ, არ ვფიქრობ, რომ ისინი სხვანაირად უნდა მოქცეულიყვნენ. სწორედ ბაირონ ქეითის ტრენინგებმა მასწავლეს მე, რომ ყველა ადამიანი იყოს ჩემთვის მისაღები.

ევა ბაბალაშვილი - რას იტყოდით ბაირონ ქეითის წიგნზე? შესაძლებელია, რომ ადამიანმა რაღაც დახმარება მიიღოს ამ წიგნიდან?

თიკო ბასილაია - რა თქმა უნდა! ეს წიგნი განეკუთვნება ისეთ ჟანრს, რომელსაც ეწოდება „სელფჰელფ“, ანუ თვითდახმარება. ეს არის პრაქტიკული წიგნი, სადაც არის ბევრი სავარჯიშო. ჩვენი გონება სავსეა სხვადასხვა ფიქრებით. ეს წიგნი ადამიანებს დაეხმარებათ, რომ თავიანთი ფიქრები ჩამოწერონ, ანუ გააკეთონ მათი იდენტიფიცირება, და შემდეგ გამოიკვლიონ.

ევა ბაბალაშვილი - ახლა კონკრეტულად რითი ხარ დაკავებული?

თიკო ბასილაია - მე იმდენად მომეწონა ეს მეთოდი, რომ გადავწყვიტე, რომ ეს წიგნი ქართულად მეთარგმნა და ქართველებისთვის გამეზიარებინა ის, რაც თავად დამეხმარა. მე ვმუშაობ ინდივიდუალურად ადამიანებთან, ვიყენებ როგორც ბაირონ ქეითის ინსტრუმენტს, ასევე ქოუჩინგს და თერაპიულ ტექნიკებს და ვმუშაობ სხვადასხვა საკითხებში ურთიერთობასთან დაკავშირებით. ვეხმარები ადამიანებს საკუთარი თავის მიღებაში, ვეხმარები თვითრეალიზებაში, საკუთარი თავის პოვნაში. ასევე ვეხმარები ადამიანებს იმაში, რომ გათავისუფლდნენ შინაგანი ბლოკებისგან, კომპლექსებისგან, მცდარი შეხედულებებისგან საკუთარი თავის შესახებ, რაც შესაძლოა ბავშვობიდან მათ მოსდევდეთ. ჯგუფურად მაქვს ასევე ონლაინ-პროგრამები, რომლებიც ონლაინ-ფორმატით მიმდინარეობს. ეს არის ერთთვიანი ან სამთვიანი პროგრამები, სადაც ადამიანები ერთვებიან და ჩვენ ონლაინ ვმუშაობთ. ასეთ ფორმატს გააჩნია ის უიპირატესობა, რომ ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება ადამიანი ჩაერთოს და არა ისე, რომ ეს მხოლოდ თბილისში ხდებოდეს.

ევა ბაბალაშვილი - ლოკალურად სად ხართ? არის რაიმე დაწესებულება?

თიკო ბასილაია - დაწესებულებას ვერ დავარქმევდი, უბრალოდ ჩემი ინდივიდუალური პრაქტიკაა, სადაც ადამიანებმა უფრო მეტად გაიგონ ჩემ საიტზე და სოციალურ ქსელზე.

ევა ბაბალაშვილი - როდის და სად გაიმართება წიგნის პრეზენტაცია?

თიკო ბასილაია - წიგნის პრეზენტაცია გაიმართება 30 იანვარს, სასტუმრო „ბილტმორში“, დასაწყისი 19:30 სთ. ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა გვექნება პრეზენტაციაზე: თვითონ ავტორი ბაირონ ქეითიც ლაივით ჩაგვერთვება კალიფორნიიდან. ეს ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობაა ქართველი ადამიანებისთვის, რადგან ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ასევე, დამსწრე საზოგადოებას, გარდა პრეზენტაციისა, ბევრი სიურპრიზი ელოდება.

ევა ბაბალაშვილი - ჩვენი დრო ნელ-ნელა იწურება. ძალიან მესიამოვნა თქვენთან საუბარი, იმიტომ რომ საქართველოშიც და მთელს მსოფლიოში გავრცელებულია დეპრესია და ადამიანები საკუთარ თავს ვერ პოულობენ, არ იციან სად წავიდნენ და ვის მიმართონ. ჩვენთვის სასიამოვნო იყო დღეს თიკოს მობრძანება, იმიტომ რომ მან გვაჩვენა დეპრესიის დაძლევის რაღაც გზები, გვაჩვენა ეს წიგნი... თუ ვინმეს დეპრესიასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თიკოს და მისი ორგანიზაცია ალბათ დაგეხმარებათ ამ ყველაფერში. მინდა იცოდეთ, რომ სიკეთე ადამიანებსი არის, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით მისი არსებობის შესახებ. ყველაზე დიდი საშველი ადამიანებისთვის არის - დაივიწყონ ბოროტება და სიკეთის გზას დაადგნენ. თქვენ რას ეტყოდით ჩვენს მსმენელს?

თიკო ბასილაია - ნამდვილად ძალიან ძლიერი მესიჯი იყო ადამიანებისთვის და გეთანხმებით, რომ ჩვენში არის სიკეთე. ეს ჩვენი ნამდვილი ბუნება არის. უბრალოდ, ხშირად ის ნეგატიური ემოციები და გამოცდილება ხელს გვიშლის, რომ ჩვენს ნამდვილ ბუნებასთან გვქონდეს წვდომა. შეიძლება გაბრაზებულები ვიყოთ სხვებზე და ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ ვიყოთ ის, ვინც სინამდვილეში ვართ. ეს წიგნი და საკუთარ თავზე მუშაობა დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენს ნამდვილ „მე“-ს დაუბრუნდეთ და თქვენი ნამდვილი არსის რეალიზება მოახდინოთ, რაც ყველაზე დიდი ბედნიერება არის.

ევა ბაბალაშვილი - გეთანხმებით ყველაფერში. ადამიანებო, იყავით კეთილები და ისწავლეთ პატიება. ჩვენ დროში ეს განსაკუთრებით აქტუალურია. ეს იყო გადაცემა „წახნაგები“ ევა ბაბალაშვილთან ერთად. ჩვენთან სტუმრად იყო არაჩვეულებრივი გოგო - თიკო ბასილაია.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: