ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ტოკიოში მიმდინარე იანვრის ჰაცუ ბაშოზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ტურნირის მეოთხე დღეს 32 წლის ტოჩინოშინმა მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მსუბუქი რიკიში, მე-5 მაეგაშირა ენჰო დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს მათი პირველი შეხვედრა იყო. გორგაძემ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა. ამას მეტოქეებს შორის წონაში დიდმა სხვაობამაც შეუწყო ხელი: ტოჩინოშიმის სიმაღლე 191 სმ, წონა კი - 177 კგ, მისი მეტოქის სიმაღლე კი 168 სმ, წონა - 99 კგ. ტოჩინოშინმა ენჰო უბრალოს ხელში აიტაცა და ეფექტური ცურიდაშის ილეთით გადასვა დოჰიოს მიღმა. ამ გამარჯვების წყალობით ტოჩინოშინმა გამოასწორა შეხვედრების უარყოფითი ბალანსი და ამჟამად ანგარიში 2:2 გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ გორგაძეს მუხლის ტრავმა აწუხებს, მას ტურნირის დასრულება დადებითი ბალანსით სჭირდება, რათა რეიტინგის პოზიციები გაიუმჯობესოს. შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრა ტოჩინოშინმა მერვე მაეგასირა რიუდენუსთან წააგო. ჰაცუ ბაშოზე 10-ზე მეტი გამარჯვების შემთხვევაში ტოჩინოშინი სანიაკუს, ანუ უძლიერესი სუმოისტების რიგებს დაუბრუნდება.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: