ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ტოკიოში მიმდინარე იანვრის ჰაცუ ბაშოზე ოძეკ ასანოიამას სძლია და მნიშვნელოვანი მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. დასავლეთის მეექვსე მაეგაშირამ ტოჩინოშინმა ასანოიამა მარჯვენა ხელით გდებით დაამარცხა.

მომდევნო ორთაბრძოლას ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმისთან გამართავს. ტურნირის მეათე დღის შემდეგ ტოჩინოშინს 5 მოგება და 5 წაგება აქვს.

საკუთარი რეიტინგის გასაუმჯობესებლად ტოჩინოშინმა ტურნირი დადებითი ბალანსით უნდა დაასრულოს.

იანვრის ჰაცუ ბაშო პროფესიული სუმოს უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში სეზონის პირველი ტურნირია, რომელიც 26 იანვრამდე გასტანს. ტურნირის გამარჯვებული იმპერატორის თასს მიიღებს.