ქართულ ენაზე ცნობილი ჩინელი პოეტის ძიტი მაძიას მეორე კრებული გამოიცა. მისი პირველი პოეტური კრებული სახელწოდებით „ნუოსუს სიმღერები“ (გამომცემლობა „საუნჯე“), რომელიც 80-ზე მეტ ლექსს იტევს, 2017 წელს იყო გამოცემული.

ძიტი მაძიას მეორე კრებული, სახელწოდებით „შენ-მაიაკოვსკი!“ ხასიათით განსხვავებულია პირველი კრებულისგან: მასში ამჯერად ავტორის სამი პოემა – სამი მნიშვნელოვანი, საეტაპო ტექსტია შესული და ეს ნაწარმოებები მისი პოეტური ესთეტიკისა და თემატიკის მრავალფეროვნებას ახალი, საინტერესო კუთხით გვაჩვენებს.

ძიტი მაძია, ცნობილი ჩინელი პოეტი, კალიგრაფი და მხატვარია, რომელიც 1961 წელს დაიბადა. ის წარმოშობით ეკუთვნის ნუოსუს (სხვანაირად, ი-ს) ხალხს, რომელიც ძირითადად ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, სიჩუანის, გუიჭოუს და იუნანის პროვინციებში ცხოვრობს. ნუოსუს ხალხის რაოდენობა დაახლოებით 7-8 მილიონია. მათ აქვთ უძველესი საკუთარი ენა და დამწერლობა.

ძიტი მაძია წერს ჩინურ ენაზე, მაგრამ საკუთარ ლექსებში იყენებს ნუოსუს მითოლოგიას და ფოლკლორს, ყვება მათ ისტორიას, აღწერს ყოფას და ზნე-ჩვეულებებს.

ლექსების კრებული ქართულ ენაზე თარგმნა შოთა იათაშვილმა და დაარედაქტირა სინოლოგმა ალექსანდრა ლატარიამ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: