ჩინეთის პროვინცია ხუბეის ქალაქ უჰანში, საიდანაც მოხდა COVID-19-ის გავრცელება, ოპერატიულმა შტაბმა მთელი მოსახლეობის სკრინინგის ჩატარების განკარგულება გასცა. ეს გადაწყვეტილება შტაბმა მას შემდეგ მიიღო, რაც ქალაქში ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. მასშტაბური ტესტირება 10 დღეში უნდა დასრულდეს. ინფორმაციას გამოცემა „პენპაი“ ავრცელებს.

9 მაისს უჰანში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე გამოვლინდა 16 უსიმპტომო ვირუსის მატარებელი, რომელთაგან ხუთს მეორე დღეს დაავადების კლინიკური ნიშნები აღენიშნებოდათ და მათ დიაგნოზი დაუდასტურდათ. 4 აპრილის შემდეგ ეს დაინფიცირების პირველი შემთხვევაა. ყველა გამოვლენილი შემთხვევა ლოკალურია, თუმცა ეპიდემიულოგიური საშიშროების საფრთხე დუნსიჰუს რაიონში საშუალო დონემდე აიწია.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს უჰანი საშიშროების დაბალი დონის ზონად იყო აღიარებული, 26 აპრილს კი ქალაქის საავადმყოფოდან კორონავირუსული ინფექციით დაავადებული ბოლო პაციენტი გაწერეს.

გამოცემის ცნობით, შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, უჰანის COVID-19-თან ბრძოლის საქალაქო ოპერატიულმა შტაბმა ქალაქის ყველა რაიონულ შტაბს საგანგებო შეტყობინება გაუგზავნა.

ეპიდემიის დროს უჰანში COVID-19-ის 50 339 შემთხვევა იყო გამოვლენილი. გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 869 შეადგინა.

ქალაქის მუდმივი მოსახლეობა დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს შეადგენს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: