ჩვენს საქციელში დღემდეა შემონახული ზოგიერთი მომენტები, რომელთა წყალობით ჩვენმი შორეული წინაპრები ოდესღაც გადარჩენა შეძლეს, ჩვენ კი ისინი ხელს გვიშლიან.

ჩვენ ვცხოვრობთ ინდუსტრიალურ საზოგადოებაში, საკვებ პროდუქტებს ვყიდულობთ უახლოეს მაღაზიაში, დავაგროვეთ უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია, მაგრამ ანატომიის და ფიზიოლოგიის კუთხით, იგივე ჰომო საპიენსებად დავრჩით. საინტერესოა, როგორ ხსნიან მეცნიერები ჩვენს საქციელს ამ თვალსაზრისით.

1. მიდრეკილება საკვების ჭარბი მოხმარებისკენ

პირველყოფილი ადამიანები დაკავებული იყვნენ შემგროვებლობით, იკვებებოდნენ კენკრით, ძირ-ძურებით, ხის ნაყოფით - ანუ ყველაფრით, რაც ბევრ ნახშირწყლებს შეიცავდა, რაც ენერგიის მთავარ წყაროს წარმოადგენს. მთელი მათი ცხოვრება საკვების ძებნა იყო. როდესაც საკვებს პოულობდნენ, ჭამდნენ იმდენს, რამდენიც შეეძლოთ. საკვები ჭარბი რაოდენობის არასდროს ყოფილა.

ჩვენ ტვინს, მიუხედავად განვლილი ათასწლეულებისა, არაფრით არ უნდა იმის დაჯერება, რომ საკვების ნაკლებობის რისკი პრაქტიკულად არ არსებობს. ხშირად ამის გამო ტვინი გაიძულებს ჭამო იმაზე მეტი, ვიდრე აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. აქედან - ამდენი ჭარბწონიანი ადამიანი, ჭარბი წონისგან კი დღესდღეობით უფრო ხშირად კვდებიან, ვიდრე შიმშილისგან (ყოველ შემთხვევაში, განვითარებულ ქვეყნებში).

2. მუდმივად მაცივარში ყურება

იგივე მიზეზით ბევრ ადამიანს უჩნდება სურვილი, წამდაუწუმ იყუროს მაცივარში, მიუზედავად იმისა, რომ შესანიშნავად იციან, რა უდევთ შიგნით და, ხშირად, არც არაფერს ოღებენ იქიდან. ალბათ, ჩვენს ტვინს, რომელიც, საკვებთან მიმართებაში, პალეოლიტის დროიდან პრაქტიკულად არ შეცვლილა, სურს დარწმუნდეს, რომ შიმშილით სიკვდილი მას არ ემუქრება. რა გაეწყობა, უცნაური ჩვევაა, თუმცა მაინც უწყინარი.

3. ტკბილეულის სიყვარული

რატომ ხდება, რომ ის, რაც სასარგებლოა, ასეთი უგემური გვეჩვენება? გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ, ვის უყვარს ბროკოლი, რომელიც ვიტამინების ნამდვილ წყაროს წარმოადგენს? ეს, ისევ და ისევ, პალეოლიტისდროინდელი გამოცდილების ბრალია: როდესაც მცენარეების მოყვანა ჯერ არ იცოდნენ და მათ მხოლოდ აგროვებდნენ, ზოგიერთ მათგანს შეეძლო კუჭის მოუნელებლობა ან მოწამლვაც კი გამოეწვია. ენის რეცეპტორების ფორმირების წყალობით ადამიანმა ისწავლა საკვების გემოს ამოცნობა. ნახშირწყლებით გაჯერებულ, სასარგებლო საკვებს მოტკბო გემო ჰქონდა, საშიშ და მაწყინარ საჭმელს კი - მწარე. ამას გარდა, ნახშირწყლები წარმოადგენს ენერგიის წყაროს. პირველყოფილი ადამიანები ენერგიის ნაკლებობას განიცდიდნენ, ჩვენ კი ხშირად არც ვიცით სად დავხარჯოთ მოჭარბებული ენერგია. მიუხედავად ამისა, მაინც ვეტანებით ტკბილეულს, რაც შემდგომში სიმსუქნეს და დიაბეტს იწვევს.

4. ჭორაობის სურვილი

დღესდღეობით ჭორაობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს, მაგრამ ანთროპოლოგების აზრით, ჭორაობა ეხმარებოდა პირველყოფილ ადამიანებს სოციალური კავშირების გამყარებაში. ჯერ კიდევ პირველი დიდი დასახლებების გაჩენამდე, ასეთი კოლექტივი 150 ადამიანს აღწევდა. თანამედროვე ადამიანი, დაახლოებით, ამდენივე სოციალურ კავშირს ინარჩუნებს (ე.წ. დანბარის რიცხვი). რით უნდა იყოთ დაკავებული კოლექტივში, თუ არა სხვებზე ჭორაობით?

5. მოჩვენებითი სახეებისა და ფიგურების დანახვის უნარი

არაცოცხალ ობიექტებში ხშირად ჩვენ სახეებსა და ფიგურებს ვხედავთ. ეს შეიძლება იყოს ღრუბელი, ჩრდილი, ქაოტური ნახატები და ა.შ. აღნიშნულ მოვლენას ევოლუციური დასაბუთება გააჩნია. ბუნებრივი მოვლენების ახსნის მცდელობისას, პირველყოფილი ადამიანები მათ პერსონიფიცირებას ახდენდნენ.

ამ მექანიზმს მეცნიერები კოგნიტურ დამახინჯებას უწოდებენ. ეს არის ტვინის სისტემური შეცდომა, რომელიც ხელს უშლის რაციონალურ აზროვნებას, მაგრამ აიძულებს მყისიერი გადაწყვეტილების მიღებას, როდესაც ტვინი ცდილობს მოახლოებულ ობიექტში მტერი ან მოყვარე ამოიცნოს. შესაძლოა ამას უკავშირდება ჩვენი უნარი კარგად გავშიფროთ სხვა ადამიანების მიმიკა.

6. მოძრავი ობიექტის სწრაფი შემჩნევა

პირველყოფილი ადამიანი მუდამ ფხიზლად იყო, რათა მოესწრო რეაგირება მოახლოებულ საფრთხეზე (გაქცევა ან მოკვლა). სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალაუნებურად ვაკვირდებით მოძრავ ობიექტებს.

7. შფოთვისა და სტრესისკენ მიდრეკილება

ხანმოკლე სტრესის მექანიზმი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • საშიშროების აღმოჩენა;
  • სისხლში სტრესის ჰორმონების - კორტიზოლისა და ადრენალინის გამოყოფა;
  • გულის რიტმული მუშაობის გაძლიერებაზე და გახშირებაზე პასუხისმგებელი, სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივიზაცია;
  • თვალის გუგის გაფართოება, რათა უკეთესად დაინახოს;
  • დაძაბულობის მატება;
  • ყურადღებისა და ენერგიის კონცენტრირება, რაც ეხმარება სიტუაციასთან გამკლავებაში.

პირველყოფილი ადამიანები ხშირად განიცდიდნენ ხანმოკლე სტრესს და ეს მათ გადარჩენაში ეხმარებოდათ. ჩვენ დროს ხანმოკლე სტრესი უფრო იშვიათია, თუმცა, სამაგიეროდ, ჩვენ ხშირად მუდმივი სტრესის მსხვერპლი ვხდებით, რაც ცხოვრებისეული და ოჯახური გარემოებებითაა გამოწვეული.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: