რამდენად უსაფრთხოა დღეს ქუჩაში თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ცხოველები, როგორ ხდება მათი მონიტორინგი, კანონმდებლობაში შესატანი დაგეგმილი ცვლილებები, კასტრაცია-სტერილიზაციის პროცესი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გადაცემაში „თქვენი მოსაზრება“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია საუბრობდა.

პირველ რიგში საუბარი დავიწყოთ ყველაზე აქტუალური თემით, საზოგადოებასაც აინტერესებს რამდენად დაცულები ვართ ქუჩაში თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ძაღლებისგან, როგორ ხდება მათი მონიტორინგი და რაც ყველაზე მნიშვნელოვაკასტრაცია-სტერილიზაციის პროცესი?

ვახტანგ ლომჯარია: სტერილიზაცია-კასტრაცია არის პოპულაციის მართვის ის თანამედროვე მეთოდი რომელზე მართვაც თავის თავზე აიღო ჩვენმა სააგენტომ. ამ კუთხით ვმუშაობთ აქტიურად და 4 ვეტერინარის ნაცვლად ჩვენ ძალიან მალე 7 გვეყოლება. ასევე გავზარდეთ ფერშლების, კინოლოგების, სანიტარული დამლაგებლების რაოდენობა და თბილისში ამ საკითხის მიმართ მუშაობა ძალიან აქტიურად გაიშლება.

ჩვენთან არსებული რესურსითაც კი პირველ სამ თვეში დღიურად საშალოდ 6,1 ოპერაცია ტარდებოდა, ახლა უკვე სამუშაო დღეებში 15-17 ოპერაცია ტარდება, ხოლო შაბათ-კვირას დაახლოებით 10 ოპერაცია რათა მივიღოთ უფრო სერიოზული შედეგები. რაც შეეხება სტერილიზაცია-კასტრაციის პროცესს, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი რომ კარგად იცოდეს საზოგადოებამ მისი არსი. ეს აუცილებელია არა მარტო მიუსაფარი ცხოველებისთვის, არამედ იმ ცხოველებისთვისაც რომელთაც პატრონი ჰყავთ. იმ შემთხვევაში თუკი ჩვენ არ ვართ ცხოველების მომშენებლები და არ ვგეგმავთ ამ ხერხით ბიზნესის წამოწყებას. ამ პროცედურის შემდეგ 2-4 წლამდე ხანგრძლივდება ცხოველის სიცოცხლე, ამ ოპერაციის შემდეგ ცხოველი არის ნაკლებად აგრესული, მარტივდება მისი დამოირჩილება, ასევე მცირდება სიმსივნის რიცხვი ეს არის სათესლე ჯირკვლები, პროსტატა, საკვერცხე, საშვილოსნო და ა.შ.

კასტრაცია-სტერილიზაცია ცხოველისთვის სულ ერთხელ არის საჭირო, ხოლო ცოფზე აცრას პეიოდულად განმეორება სჭირდება ხოლმე. რაც შეეხება თავშესაფრიდან გამოსულ ცხოველებს, ყურზე აქვთ სპეციალური ნიშანი, რომლითაც სხვებისგან გამოარჩევთ. ეს კი მოწმობს იმას, რომ ისინი ნაკლებად აგრესიულები არიან და ჩატარებული აქვთ შესაბამისი აცრები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დაკბენის შემთხვევები და აგრესია უფრო ხშირია პატრონიანი ცხოველებისგან. მათ ვისაც ცხოველები უყვართ მოვუწოდებ რომ არ ნიშნავს იმას რომ რახან პატრონობთ და სახლში გყავთ არაფერი დაემართება, პირიქით აუცილებლად უნდა დაჩიპოთ რათა დაკარგვის შემთხვევაში დაგიბრუნდეთ, რაც ამარტივებს პროცესს. ასევე უნდა აცრათ ცხოველი რადგან, აუცრელი ცხოველი საფრთხისშემცველია. ცნობიერების ამაღლების კუთხით ბევრია სამუშაო რისთვისაც თქვენ, მედიას მადლობას გიხდით.

ბატონო ვახტანგ, რამდენად ხშირია დაკბენის შემთხვევები?

ვახტანგ ლომჯარია: არ მინდა შევაშინო მოსახლეობა, მაგრამ თუკი თქვენ დაინახავთ ხროვას, რომელთაც არ აქვთ სპეციალური ნიშანი და ერთად მოძრაობენ მოგვმართონ რათა წავიყვანოთ, გავასტერილოთ, ავცრათ ცოფზე და ისევ დავაბრუნებთ ადგილზე.

არის დაკბენის შემთხვევები, თუმცა არ არის ძალიან ხშირი. მეტ-ნაკლებად ისინი თანაბრად არიან ყველგან განაწილებული, თუმცა არის ტერიტორიები რომელსაც პირობითად 1000 ცხოველის გამოკვება შეუძლია. იქ როგორც კი 1000-დან 900-ზე ჩამოვა სხვები იკავებენ მათ ადგილს და ხდება ჩანაცვლება.

რაც შეეხება კატებს მათთან დაკავშირებით ნაკლები პრობლემაა. თუკი მოქალაქეები მოგვმართავენ მათაც შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ ვაბრუნებთ ბუნებრივ არეალში.

მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ თუ ჩვენ გვინდა პრობლემის მოგვარება უნდა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები. ასევე მუშავდება კანონი შინაური ცხოველების შესახებ რომელიც ითვალისწინებს იმას რომ გაკონტროლდეს ცხოველების გამრავლება. აქ ჩვენ უკვე სულ რამდენიმე წელში მივიღებთ შედეგს და ეტაპობრივად ჰუმანურად შევამცირებთ გამრავლების პროცესს.

კანონმდებლობაში შესატანი დაგეგმილი ცვლილებები. რა ცვლილებებზეა საუბარი?

ვახტანგ ლომჯარია: ერთი მიმართულება არის ის რომ საკანონმდებლო რეგულაციის ქვეშ მოექცეს ცხოველთა თავშესაფარი, ასევე თუ რამდენი ცხოველი შესაძლოა ჰყავდეს ადამიანს ბინაში, ეზოში, რა ვალდებულებები გვაქვს, რადგან არსებობს გარკვეული ვალდებულებები და საჭიროა კანონის ქვეშ მოექცეს ეს ყველაფერი, რათა კონფლიქტი მარტივად მოგვარდეს. მუშაობს შესაბამისი ჯგუფი ამასთან დაკავშირებით, განხილვის პროცესშია, ბინაში დასაშვებია 5 ცხოველის ყოლა, ეზოში კი 10 ცხოველის. გარკვეული პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში მეზობლების თანხმობა გახდება საჭირო.

რაც შეეხება ცოფის შემთხვევებს, რამდენად ხშირად ფიქსირდება?

ვახტანგ ლომჯარია: წელს ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა თბილისში, შარშან 7 შემთხვევა იყო და ეტაპობრივად მცირდება. დედოფლისწყაროში უკვე ცოფის 8 შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე ლოტკინის მხარეს, ივერთუბანში დაფიქსირდა 1 შემთხვევა. თავშესაფარში გადმოიყვანეს ცხოველი რომელსაც დაუდგინდა ცოფის ვირუსი.

მიკედლების ინსტიტუტი, რატომ არის მნიშვნელოვანი ცხოველებისა და ზოგადად ქალაქისათვის?

ვახტანგ ლომჯარია: მიმკედლებელს აქვს ვალდებულებები კვებასთან, სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით. მნიშვნევლოვანი ინსტიტუტია რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. მაგალითად, არის ასეთი ადამიანი, დიანა სარალიძე, რომელსაც 90-მდე ცხოველი ჰყავს მიკედლებული. მისი ოჯახი ზრუნავს ამ ცხოველებზე, თუმცა არის შემთხვევები როდესაც მიკედლების მიუხედავად არ პატრონობენ ცხოველებს თუმცა ეს ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ჩვენთვის.

თქვენი ზოგადი რეკომენდაციები ამ თემასთან დაკვშირებით.

ვახტანგ ლომჯარია: თუ ქუჩაში ხედავთ აგრესიულ ცხოველს განერიდეთ და დარეკეთ სპეციალურ სამსახურში 112-ზე. როგორც აღვნიშნე ქუჩის ცხოველები ნაკლებად არიან აგრესიულები. თუმცა თუ არიან შეგიძლიათ ჩვენ მოგვმართოთ, განსაკუთრებით ეს ეხება ხროვას, რომელიც ერთად მოძრაობს და სპეციალური ნიშანი არ აქვთ.

თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ მინდა გკითხოთ, ასევე მინდა ისაუბროთ ცნობიერების ამაღლების კუთხით დაგეგმებილი სამუშაოების, პროექტების შესახებ.

ვახტანგ ლომჯარია: თუკი ჩვენ პრობლემის გადაწყვეტაში ვხედავთ მხოლოდ იმას რომ სპეციალური ნიშნის გარეშე მყოფი ცხოველი უბანს მოვაშოროთ ამაში უკვე დიდი პრობლემაა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე რომ ცხოველი რომელიც ნიშნის გარეშეა მოგვმართოთ, რათა ჩაუტაროთ სტერილიზაცია, აუცრათ და ა.შ. რაც შეეხება ცხოველებზე აგრესიას და ძალადობას, ამ მიმართულებით მიდის მუშაობა და სასჯელი ამ კუთხით აუცილებლად გამკაცრდება.

გადაცემის აუდიო ვერსია