საზაფხულო დასვენება - შესანიშნავი საბაბია იმისთვის, რომ ხელში წიგნი აიღოთ, თანაც ისეთი, რომლის წაკითხვის შემდეგ არ ინანებთ დახარჯული დროის გამო. ზოგიერთი რომანი თითქოს სპეციალურად არის დაწერილი იმისთვის, რომ პლიაჟზე, გრილ ბაღში ან მყუდრო კაფეში წაიკითხოთ. 4U გთავაზობთ 5 წიგნს, რომელთანაც შესანიშნავ დროს გაატარებთ.

ანა გავალდა „უბრალოდ ერთად“

დიდი მეგობრობის, მხარდაჭერის, სიყვარულისა და იმედგაცრუებების ძალიან სევდიანი და სასაცილო ისტორიაა, რომელსაც მწერალი მისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქითა და სისადავით გვიყვება; გვაყვარებს წიგნის დაბნეულ, უსუსურ, უცნაურ, მაგრამ სიკეთით სავსე გმირებს – საყვარელი ადამიანების დაკარგვით ტრავმირებულ მხატვარ გოგონას, მძიმე ბავშვობით დაღდასმულ მზარეულ ბიჭსა და არისტოკრატული წარმომავლობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე მამაკაცს – რომლებიც, უცნაურ გარემოებათა ჯაჭვის წყალობით, ერთ ჭერქვეშ იწყებენ ცხოვრებას. რომანმა დამსახურებულად დაიპრყო მილიონობით მკითხველთა გულები.

ჯოან ჰარისი „მაყვლის ღვინო“

ეძღვნება ყველას, ვისაც უყვარს ბოსტანში მუშოაბა და სახლის ღვინო. ეს არის ძალიან თბილი და ატმოსფერული ისტორია, რომელიც გულს აგიჩუყებთ. ბავშვური მოგონებები, ძველი შეცდომები, ოჯახური საიდუმლო - ჯოან ჰარისის წიგნებში სხვანაირად არ ხდება. მათ, ვისაც წაუკითხავს მისი „შოკოლადი“, გაუხარდებათ ძველ ნაცნობებთან შეხვედრა და გასეირნება ქალაქ ლანსკნე-სუ-ტანში.

გრემ ჯოისი „დაკარგული ოცნებების სახლი“

საბერძნეთის პატარა კუნძულზე, სადაც არის ყველაზე ლამაზი მზის ჩასვლა და ყველაზე თბილი და სუფთა ზღვა, ახლად დაოჯებული წყვილი ინგლისიდან უცნაური მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდება. კუნძული თითქოს ესაუბრება მათ, უყვება საკუთარ ისტორიას და ძველი საბერძნეთის მითებს აცოცხლებს. მაგიური რეალიზმი სამოთხის პეიზაჟის ფონზე - ამ წიგნის წაკითხვა იმდენად სასიამოვნოა, რომ აღწერილ გარემოში ცხოვრების სურვილიც კი გიჩნდებათ.

სტივენ კინგი „11/22/63“

მწერლის მილიონობით ფანი და სერიოზული ლიტერატურული კრიტიკოსები ამ რომანს სტივენ კინგის საუკეთესო წიგნად მიიჩნევენ. სკოლის მასწავლებელი ჯეიკ ეპინგი ბრუნდება წარსულში, რათა კენედის მკვლელობა აღკვეთოს. ასეთ სიუჟეტშიც კი საშინელებათა მეფეს შეუძლია მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს საკუთარი კლასიკური ხერხი ისე, რომ ტანში ჟრუანტელი გაგივლით.

იან მარტელი „პის ცხოვრება“

„პის ცხოვრება“ კანადელი მწერლის, იან მარტელის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. წიგნი დაუჯერებელი სიუჟეტით იპყრობს ყურადღებას: წყნარ ოკეანეში გემის ჩაძირვას გადარჩენილი 16 წლის ინდოელი ბიჭი ბენგალურ ვეფხვთან ერთად მაშველ ნავზე აღმოჩნდება. აქედან იწყება ხანგრძლივი და მღელვარე თავგადასავალი, რწმენის, მეცნიერული ცოდნის, იუმორისა და გაბედულების საინტერესო ნაზავი, რომელსაც მოულოდნელი დასასრული აქვს. 2002 წელს ცნობილი ბრიტანული ლიტერატურული პრემია „მენ ბუკერის“ ჟიურიმ „პის ცხოვრებას“ საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის ტიტული მიანიჭა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: