1-ელ დეკემბერს სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ „ქალთა საერთაშორისო ასოციაციის“ მიერ ტრადიციული საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაში 29 საელჩო მონაწილეობდა, საერთაშორისო მისიებთან და ქართველ და სხვა ქვეყნის ხელოვანებთან ერთად.

ღონისძიების ექსკლუზიურ მედია პარტნიორად და მონაწილედ საერთაშორისო მედია ჰოლდინგი GBTIMES Georgia იყო წარმოდგენილი, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას უკვე მესამე წელია იღებს. სწორედ საქველმოქმედო ბაზრობიდან მიმდინარეობდა კომპანიაში შემავალი სამი რადიოს მაუწყებლობა.

წელს GBTIMES Georgia და სპორტული სამყარო გაერთიანდა სიკეთისთვის და ფედერაციებისგან ქველმოქმედებისთვის გაღებული ნივთების (მაისურების, ბურთებისა და ფოტოების) აუქციონი გამართეს. ფეხბურთის ფედერაციამ, ჩოგბურთის ფედერაციამ, კალათბურთის ფედერაციამ, რაგბის კავშირმა, ჭადრაკის ფედერაციამ, ძალოსნობის ფედერაციამ, რაგბის ეროვნულ 7 ქალა ნაკრებმა, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიამ, SBM-მა და გამომცემლობა პალიტრა L-მა რადიო JAKO FM-ის ინიციატივა აიტაცეს და ყველა ერთად გაერთიანდა ქველმოქმედებისთვის.

რადიოს სტუდიის მეშვეობით ბრაზილიის, ჩინეთის, საბერძნეთის, იტალიის, საფრანგეთის ელჩებმა ხალხს სიკეთისკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ საქველმოქმედო ბაზრობა ყოველ წელს უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

ღონისძიებაზე დასწრების და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს დაგემოვნების საშუალება ყველა მსურველს ჰქონდა.