ორსულობის დროს სპეციალური ფიზიკური ვარჯიშების ჩატარება, ასევე ჰაერის, წყლის და მზის სხივების სწორად გამოყენება ქალს მშობიარობისთვის მომზადებაში ეხმარება.
ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს მადას და ძილს, ეხმარება ქალს მარტივად გაუმკლავდეს გულისრევას და ღებინებას. ორსულობის დროს უმოძრაობა კუნთების მოდუნებას, მადის დაქვეითებას და ყაბზობას იწვევს. ასეთ დროს ორსული წონაში მკვეთრად იმატებს, რაც საერთო სიტუაციაზე უარყოფითად აისახება.

ჰიგიენური ტანვარჯიში, წყალი, მზე და სუფთა ჰაერი ორსულის ყოველდღიურობაში.

ჰიგიენური ტანვარჯიში ყოველდღიურად აუცილებელია ყველა ჯანმრთელი ორსულისათვის.
ორსულთა სპეციალური ვარჯიშები ხელს უშლის ნივთიერებათა ცვლის მოშლას, არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სხვა ორგანოების ფუნქციას.

ფიზიკური კულტურა არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური აქტივობით. ის გულისხმობს შრომისა და დასვენების სწორ რეჟიმს, ჰიგიენას, წყლის, მზის სხივების და ჰაერის გამოყენებას.
ორსულის ბანაობა მდინარეში და ზღვაში შეიძლება მხოლოდ ექიმის ნებართვით, თბილ ამინდში, სუფთა წყალში, რომლის ტემპერატურაც 18-20 გრადუსს უნდა შეადგენდეს. წყალში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა გაგრძელდეს 5-6 წთ-ზე მეტ ხანს. ორსულობის მეორე ნახევრიდან ბანაობა დაუშვებელია.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სუფთა ჰაერს, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და სუნთქვას. ორსულს იგი სჭირდება არა მარტო თავისი ჯანმრთელობისათვის, არამედ ნაყოფის ზრდა-განვითარებისათვის, ამიტომ მომავალი დედა რაც შეიძლება მეტ ხანს უნდა იყოს სუფთა ჰაერზე.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: