2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები სავარაუდოდ გადატანილი იქნება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები ზაფხულის თამაშების გადადებაზე კომენტარის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ ქვეყნის პარლამნეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარება ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების დათქმულ ვადებში ჩატარების შესაძლებლობას არ იძლევა.

იაპონიის ხელისუფლება უახლოეს ხანებში IOC-ს აცნობებს, რომ აპირებს დათანხმდეს ოლიმპიური თამაშების გადავადებას თუ, რა თქმა უნდა, IOC შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ერთი დღით ადრე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან მიმართებით საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში მიიღებენ.

ამასობაში კი 7 ქართველი ოლიმპიელი, რომელსაც ოლიმპიადის ლიცენზია აქვს მოპოვებული, საქართველოში თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივნის, ემზარ ზენაიშვილის აზრით, თამაშები გადატანილი იქნება, თუმცა ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას ელოდება.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: