ზოგჯერ ძალიან რთულია დააძალო თავს რამის კეთება. საათობით ზიხარ კომპიუტერთან და ცდილობ რამენაირად გამოწურო საკუთარი თავიდან სულ მცირეოდენი პროდუქტიულობა მაინც. თუმცა, ხანდახან გაცილებით მეტ დროს ვხარჯავთ გარკვეულ საკითხებზე, ვიდრე საჭიროა. აქ მარტო სიზარმაცე არაა მთავარი. უბრალოდ, რაღაც მომენტში ყოველი დღე წინას ემსგავსება და საქმეც მოსაწყენი ხდება. ზოგჯერ ენერგია გველევა, მოტივაცია გვიქრება და დასვენება გვინდა. მაგრამ, სამწუხაროდ, საქმე ბევრი გვაქვს და ჩვენს მაგივრად მას ვერავინ გააკეთებს. ასეთ დღეებში აუცილებლად გჭირდებათ ცოტა ბიძგი და ემოციური მხარდაჭერა, რაც, პირველ რიგში, შიგნიდან უნდა მოდიოდეს და არა - გარედან. ამისათვის რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ.

უმოქმედობა

ბავშობიდან გვასწავლიან, რომ უსაქმურობა და სიზარმაცე ცუდია. რაც არ უნდა ცუდად ვიყოთ, ვალდებულები ვართ ავდგეთ და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გავაკეთოთ, განვვითარდეთ და ვიმუშაოთ. თუცა, ზოგჯერ ადამიანს უბრალოდ ეწურება რესურსი ამა თუ იმ მიზეზის გამო და ამაში თავის თავს ადანაშაულებს. იწყებს დაძალებას და ყველაფრის უღიმღამოდ კეთებას. ამას ნეგატიური მოტივაცია ჰქვია. პერსონალის მმართველობის ექსპერტი, დენიელ პინკი, განმარტავს, რომ ასეთ დროს ადამიანი უბრალოდ ვეღარ ხედავს მიზანს და ვერ იაზრებს, თუ რისთვის ასრულებს სამუშაოს. შედეგად ადამიანი კიდევ უფრო ისტრესება და შედეგი სრულიად საპირისპიროა ხოლმე.

.

.

სიზარმაცე

ზოგიერთი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ სიზარმაცე არ არსებობს, ზოგიერთი კი ემხრობა მოსაზრებას, რომ ეს ერთგვარი დამცავი იარაღია გადაღლილობისგან თავდასაცავად. სიზარმაცის უკან, სინამდვილეში, მოტივაციის დეფიციტი, წარუმატებლობის შიში, დაღლა და დაავადებები, ან უბრალოდ ბანალური" არ მინდა ამის კეთება " დგას. თუ თქვენ ასეთ მდგომარეობაში ხართ, დროა აიღოთ პაუზა და დაისვენოთ, რამდენადაც სიტუაცია გაძლევთ ამის შესაძლებლობას. თუ დასვენებას ვერ ახერხებთ, შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ სამუშაო დრო და მხოლოდ უკიდურესად საჭირო საქმე აკეთოთ. დანარჩენი მოიცდის - ჯანმრთელობა ხომ ყველაზე მნისვნელოვანია.

ინტერნეტ–დეტოქსი

1998 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა, რობერტ კრაუტმა, აღმოაჩინა, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებს ადამიანი ინტერნეტში, მით უფრო მაღალია დეპრესიის რისკი. მოსახლეობის 25%, რომლებიც სოციალურ ქსელებს აქტიურად მოიხმარენ, განიცდიან ე.წ. facebook-დეპრესიას. ეს ყველაფერი კი სოციალურ ქსელში ბულინგის, შეურაცხყოფის და გაკიცხვის შედეგია. თუ დაუჯერებთ ამერიკელების გამოკვლევას, სოციალური ქსელების მომხმარებელთა 58% საკუთარ ცხოვრებას თავიანთი მეგობრების ცხოვრების წესს ადარებენ, რაც ნეგატიურად მოქმედებს მათზე. ისინი თავს წარუმატებლად მიიჩნევენ და ეს იწვევს დეპრესიას. მინიმუმამდე დაიყვანეთ სოციალური ქსელების მოხმარება დასვენების დროს და გამოიყენეთ ისინი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. იგივე რეკომენდაცია ვრცელდება სამოტივაციო ლიტერატურაზე. იმის შესახებ კითხვა, თუ როგორ გავხდეთ წარმატებულები, როგორ ვიშოვოთ ფული, ან როგორ ავაწყოთ ბიზნესი, მაშინ სჯობს , როცა ძალა და ხასიათიც შესაბამისი გაქვთ.

კომპლიმენტები

შეაქეთ საკუთარი თავი. მასლოუს პირამიდის ერთ-ერთ ზედა იარუსზე სწორედ საკუთარი თავის პატივისცემის მოთხოვნილება დგას. იმისათვის, რომ თავი კარგად იგრძნოთ, აუცილებელია იცოდეთ, რომ გაფასებენ, პატივს გცემენ და ჭირდებით. ქებას, ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის სხვებისგან ველით და არასოდეს დავფიქრებულვართ, რომ საკუთარი თავის დაფასებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. არასწორად აღიქვამთ წარმატებას, თუ ამაში მხოლოდ სამსახურში დაწინაურებას და მანქანის ან ბინის ყიდვას გულისხმობთ. ჩვენ უყურადღებოდ ვტოვებთ იმ პატარა ნაბიჯებს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებსაც დიდ წარმატებასთან მივყავართ.

.

.

დაკვირვება

ეკოლოგი ჯონ კროფტი მრავალი წლის მანძილზე იკვლევდა ავსტრალიელი აბორიგენების ცხოვრების წესს და მათ ფილოსოფიას. მეცნიერმა თავის კოლეგებთან ერთად შექმნა მეთოდი, რომელსაც Dragon dreaming ჰქვია. ის ითვალისწინებს ცხოვრების ოთხ პროცესს:

  • ოცნება;
  • დაგეგმვა;
  • მოქმედება;
  • აღნიშვნა;

ბოლო პუნქტის არშესრულებით ციკლი დაუმთავრებელი რჩება და ჩვენ ვერ ვგრძნობთ ვერც აღიარებას, ვერც სიამოვნებას.

დღიური

მათთვის, ვინც თავს დაკარგულად გრძნობს, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დღიურის წარმოება. ჩაწერეთ მინიმუმ ხუთი ქმედება, რომლისთვისაც იმსახურებთ კომპლიმენტს. ეს შეიძლება ყოველდღიური რუტინა იყოს, როგორიცაა გემრიელი სადილის მომზადება. გმირობის ჩადენას არავინ გთხოვთ, მთავარია თქვენ იყოთ კმაყოფილი შედეგით.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: