დღეს ევა ბაბალაშვილის საავტორო გადაცემა „წახნაგები“-ს სტუმარია მომღერალი ზუკა ხუციშვილი

ევა ბაბალაშვილი - დღევანდელი ჩვენი სტუმარია ზუკა ხუციშვილი. მე არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ ვინ არის ის, საიდან მოდის. საქართველოში ყველამ ვიცით, რა ოჯახიდან არის ის და ვინ არიან მისი მშობლები. მან ბაშვობიდანვე დაიკავა საკუთარი ადგილი საზოგადოებაში, სცენაზე და მის საქმიანობაში. მოგესალმები!

ზუკა ხუციშვილი - მოგესალმებით! დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის და მოწვევისთვის!

ევა ბაბალაშვილი - ველოდებოდი იმ მომენტს, რომ ცოტა გამოსულიყავი იმ მდგომარეობიდან, რომელშიც აღმოჩნდი, რადგან ძვირფასი ადამიანის დაკარგვა არც ისე ადვილია, თანაც ისეთის, როგორიც მამაშენი, გიო ხუციშვილი იყო. როგორ დაძლიე ეს ყველაფერი და დაიწყე ახალი ცხოვრება მამის გარეშე?

ზუკა ხუციშვილი - ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან რთული პერიოდი იყო. ტკივილი არსად არ მიდის, მაგრამ შენ შეგიძლია რაღაცნაირად იპოვო შენი თავი და ამ ტკივილთან ერთად გააგრძელო ცხოვრება. ძალიან რთულია იცხოვრო ისე, როგორც მამაჩემი ცხოვრობდა.

ევა ბაბალაშვილი - როგორ ცხოვრობდა?

ზუკა ხუციშვილი - დიდი ადამიანი იყო. მას შემდეგ რაც წავიდა, მივხდი რამდენი აქვს გაკეთებული ჩვენთვის. ძალიან რთულია ასეთი ადამიანის შემდეგ ოჯახის უფროსი იყო. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ის იყო ძალიან მკაცრი და ძალიან მოსიყვარულე.

ევა ბაბალაშვილი - შეიძლება ითქვას, რომ კულისებში იზრდებოდი და ბავშვობიდან დიდი მომღერლების და მუსიკოსების წრეში ტრიალებდი. რა გავლენა მოახდინა ამან შენზე? ზოგიერთ ბავშვზე ეს უარყოფითად მოქმედებს.

ზუკა ხუციშვილი - ახალგაზრდა გონებისთვის ეს არც ისე კარგია. ახლა ვაცნობიერებ, რომ ჩემი მშობლები ყველაფერს სწორად აკეთებდნენ. ზედმეტად არასდროს მაქებდნენ, რადგან როდესაც პატარა ხარ, ყველას უყვარხარ, მაგრამ როდესაც გაიზრდები, აცნობიერებ, რომ ეს შენი დამსახურება არ არის. ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, რომელთა გვერდითაც იდექი, მშობლების, მეგობრების... მე ხომ პატარა ვიყავი და არაფერი მესმოდა.

ევა ბაბალაშვილი - პატარა იყავი, მაგრამ სცენის შიში შენში საერთოდ არ იგრძნობოდა.

ზუკა ხუციშვილი - ახლა ძალიან დიდი შიში მაქვს.

ევა ბაბალაშვილი - რატომ?

ზუკა ხუციშვილი - როდესაც პატარა ვიყავი, არ მესმოდა, რას ვაკეთებდი. ჩემთვის ეს თამაში იყო. არ ვფიქრობდი იმაზე, თუ რომელი ნოტი უნდა ამეღო, ახლა კი ყველაფერზე ვფიქრობ: როგორ ვდგავარ, რამდენად მოსწონს ეს ხალხს, რამდენად მოეწონებოდა მამაჩემს?

ევა ბაბალაშვილი - მეტი პასუხისმგებლობაა.

ზუკა ხუციშვილი - რა თქმა უნდა! როდესაც პატარა ხარ, ამას არ აცნობიერებ. ამიტომაც ვამბობდი, რომ პატარა ასაკში სცენაზე დგომა მაინცდამაინც კარგი არ არის. მე მადლიერი ვარ ჩემი მშობლების და ყველასი, ვინც სიყვარულით გარს მეხვეოდა. ისინი ჩემი მენტორები იყვნენ. ყველაფერი რაც გამაჩნია - მათგან არის.

ევა ბაბალაშვილი - ზუკა, როდესაც შვილები გეყოლება და მათ მუსიკალური ნიჭი აღმოაჩნდებათ, გინდა, რომ მათაც გაიზიარონ შენი ბედი და სცენაზე დადგნენ?

ზუკა ხუციშვილი - მე მიყვარს ჩემი ბავშვობა, რადგან ყველაფერი რაღაცნაირად კარგად გამომდიოდა. მშობლებისგან გადმოცემულ გენებს ვერსად გავექეცი. ამას მოვინდომებდი იმ შემთხვევაში, თუ ჩემს შვილებს ექნებათ ისეთი ნიჭი, რომ ხალხს ეს მოეწონება და ამით იამაყებდა მამაჩემი. მხოლოდ იმ შემთხვევაში. ეს ისეთი დიდი ნიჭი უნდა იყოს, რომ ხალხმა ეს დაინახოს.

ევა ბაბალაშვილი - საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ხარ?

ზუკა ხუციშვილი - რა თქმა უნდა, ძალიან, რადგან ახლა სცენის შიში მაქვს. თითოეულ ჩემს ნაბიჯზე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ხალხი ჩემგან ბევრს ელის, ამიტომ მე გული არ უნდა ვატკინო არც მათ, არც ჩემს მეგობრებს, არც მამაჩემს.

ევა ბაბალაშვილი - მამას მუსიკას ხშირად დედა უწერდა. როგორ გამოსდიოდა ეს?

ზუკა ხუციშვილი - დედას სჭირდება მუზა. ის ყოველთვის ამბობს, რომ თუ ის მოვა, ესე იგი მოვა. ეს შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მოხდეს, მაგრამ ეს კარგი იქნება. ამიტომაც გამოსდიოდა ყოველთვის ხარისხიანად, რადგან საკუთარ თავს არასოდეს აძალებდა.

ევა ბაბალაშვილი - თქვენი ოჯახის მუსიკა - ქალაქური მუსიკაა. ეს არის სიმღერები თბილისზე, თბილისელებზე... ხომ არ გინდა საკუთარ მუსიკალურ შემოქმედებაში რაღაც ახალი შემოიტანო?

ზუკა ხუციშვილი - ჩვენ ახლა ვიწყებთ. თითქმის ერთი წელია რაც ცოცხალი ბენდი მყავს...

ევა ბაბალაშვილი - რა ქვია თქვენს ბენდს?

ზუკა ხუციშვილი - უბრალოდ „ზუკა ხუციშვილის ბენდი“. დიდხანს ვიფიქრეთ, მაგრამ არცერთი სხვა სახელწოდება არ მოერგო. ჩვენს რეპერტუარში მამაჩემის სიმღერებიცაა და ჩემი სიმღერებიც. ეს არის სიმღერები, რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

ევა ბაბალაშვილი - შენ ხომ შესრულების საკუთარი მანერა გაგაჩნია?

ზუკა ხუციშვილი - ჩვენს რეპერტუარში არის კლასიკური როკიც, ჯაზიც, ქალაქური სიმღერებიც, უცხოური სიმღერებიც...

ევა ბაბალაშვილი - მაგრამ მაინც, მთავარი ხაზი - ქართული სიმღერაა.

ზუკა ხუციშვილი - რა თქმა უნდა! ჩვენ არასდროს გვქონია ორი ერტნაირი კონცერტი და ყოველთვის ცოცხლად გამოვდივართ.

ევა ბაბალაშვილი - როგორ შეიქმნა შენი ბენდი?

ზუკა ხუციშვილი - ისინი ჩემი მეგობრები არიან, რომლებზეც ვიცოდი, რომ დიდი მუსიკოსები იყვნენ. ზოგჯერ კონცერტის დროს ვჩერდები და უბრალოდ მათ ვუსმენ.

ევა ბაბალაშვილი - რუსულ სიმღერებს თუ ასრულებ? მაგალითად, ქართველები ძალიან კარგად ასრულებენ რუსულ რომანსებს.

ზუკა ხუციშვილი - გიოს ჰქონდა ძალიან ბევრი რუსული სიმღერა, რომელიც ქართველი ავტორების მიერ იყო შექმნილი, ქართული არანჟირებით. უბრალოდ ისინი რუსულ ენაზე იყო. მე მაინც დიდი პროტესტი მაქვს ამასთან დაკავშირებით.

ევა ბაბალაშვილი - ბუნებრივია, პროტესტი უნდა იყოს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ხელოვნება აქ არაფერ შუაშია. პოლიტიკას ხელოვნებაში ამხელა ადგილი არ უნდა ეკავოს.

ზუკა ხუციშვილი - მე მიყვარს რუსული კულტურა, ლიტერატურა... მე არა მაქვს პრობლემა, რომ რუსულ ენაზე ვიმღერო, მაგრამ უბრალოდ არ გავაკეთებ ამას, რადგან არ მინდა ჩავერიო პოლიტიკაში.

ევა ბაბალაშვილი - შენ დიპლომატიურ სამსახურში იყავი. ის შენთვის მოსაწყენი იყო?

ზუკა ხუციშვილი - არა, არა. ჩემთვის ეს ძალიან დიდი სკოლა იყო. ვგულისხმობ, პროფესიონალური კუთხით.

ევა ბაბალაშვილი - კონკრეტულად რას აკეთებდი?

ზუკა ხუციშვილი - ეს იყო დიპლომატიური პროტოკოლი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი. იქ იმდენი მეგობარი და საერთაშორისო კონტაქტი შევიძინე, რომ ყოველთვის ვიქნები ამ სამინისტროს მადლიერი. მომავალში აუცილებლად უნდა გავაგრძელო სწავლა ამ სფეროში. თუ დავინახავ, რომ ვჭირდები ჩემს ქვეყანას, დიპლომატიურ სამსახურს ისევ დავუბრუნდები. ამჟამად ჯერჯერობით ისეთ ეტაპზე ვარ, რომ როდესაც ადამიანების თვალებში ღიმილს და სითბოს ვხედავ, ჩემთვის ეს საკმარისია.

ევა ბაბალაშვილი - ახლა ისეთ ეტაპზე ხარ, რომ სწორედ ეს გჭირდება.

ზუკა ხუციშვილი - დიახ, ეს მჭირდება. მუსიკა გვეხმარება იმაში, რომ ცხოვრება ცოტა გაგვიადვილდეს.

ევა ბაბალაშვილი - ვერც წარმომიდგენია, რა იქნებოდა მსოფლიოში მუსიკის გარეშე. კლასიკურ მუსიკას თუ უსმენ?

ზუკა ხუციშვილი - ძალიან მიყვარს ბახის და შოპენის მოსმენა.

ევა ბაბალაშვილი - სპორტით თუ ყოფილხარ დაკავებული?

ზუკა ხუციშვილი - არ არსებობს სპორტის სახეობა, რომლითაც არ ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.

ევა ბაბალაშვილი - უბრალოდ ეს არ გიტაცებდა და არ იყო შენი. იყო დრო, როდესაც გიო ხუციშვილი სპორტის სასახლის დირექტორი იყო. მე ვიცი, რომ ის სერიოზულად იყო დაკავებული წყალბურთით. როდესაც ჩემთან ინტერვიუზე იყო, მიყვებოდა, რომ აღფრთოვანებული იყო სპორტის ამ სახეობით.

ზუკა ხუციშვილი - თუ რამეს მოინდომებდა, მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. ის მხოლოდ ერთ პროფესიას ხომ არ ფლობდა. ის ყველაფერი იყო. არ არსებობს პროფესია, რომელსაც ვერ აითვისებდა, და აუთვისებია კიდეც. არ ვიცი, როგორ შეიძლებოდა, რომ ცხოვრებაში ამდენი რამ მოეწსრო.

ევა ბაბალაშვილი - როდესაც ადრე მიდიან ასეთი ნიჭიერი ადამიანები, ყოველთვის ვფიქრობ, რომ მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ და დედამიწაზე საკუთარი მისია შეასრულეს.

ზუკა ხუციშვილი - ის ყველაფერს ნოლიდან იწყებდა. როდესაც მამა დაკარგა, ჩემზე ბევრად პატარა იყო. მან რაღაც ააშენა. მე არ ვამბობ, რომ იყო მილიონერი ან ბიზნესმენი, მაგრამ ის იყო მილიონერი იმიტომ, რომ ყველგან მეგობრები ყავდა. ის დიდი ადამიანი იყო.

ევა ბაბალაშვილი - ყველა ადამიანი საკუთარ თავს მის მეგობრად მიიჩნევდა. ეს თვისება მხოლოდ დიდ ადამიანებს ახასიათებს.

ზუკა ხუციშვილი - უბრალოდ გული მწყდება, რომ ამით ტკბობა ვერ მოასწრო. მთელი ცხოვრება მუშაობდა.

ევა ბაბალაშვილი - ჩვენი დრო იწურება. პროგრამაში შენი სიმღერები ჩავრთეთ.

ზუკა ხუციშვილი - დიახ, ეს არის ორი სიმღერა. თუ ჩვენ ვსაუბრობდით გიოზე და ჩემს ბავშვობაზე, იქ არის ორი კლიპი, რომელიც 90-იან წლებშია გადაღებული. ერთში მამასთან ერთად ვიყავი. ეს იყო ძალიან პოპულარული სიმღერა „შენზე ფიქრი“. არასოდეს ვიტყოდი ამას ჩემს სიმღერაზე, მაგრამ ის მართლა ჰიტი იყო. მას დღესაც მღერიან. ასეთი რამ ყოველდღე არ ხდება. მეორე სიმღერაა - „სიმღერა სიყვარულს გავს“. მე ვმღეროდი სიყვარულზე, დაკარგულ სიყვარულზე, მაგრამ ფიზიკურად არ შემეძლო მემღერა საბავშვო სიმღერები.

ევა ბაბალაშვილი - საკუთარი გარემოცვის წყალობით შენ ბევრს მიაღწიე. არიან ბავშვები, რომლებსაც უნდათ რაღაცას მიაღწიონ, მაგრამ მათ არ ყავთ ასეთი მეგობრები ან მშობლები. რას ეტყოდი მათ? როგორ უნდა დაკავდნენ საყვარელი საქმით, თუ ამის ნიჭი გააჩნიათ?

ზუკა ხუციშვილი - მაინც უნდა მონახონ ადამიანი, რომელსაც მათი სჯერა და იმედს მისცემენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. და კიდევ, ყოველდღე უნდა იშრომოთ.

ევა ბაბალაშვილი - თუმცა რაც არ უნდა იშრომო, თუ არ გაგაჩნია ეს ღვთიური ნიჭი, არასოდეს არაფერი გამოგივა.

ზუკა ხუციშვილი - ჩვენ ვსაუბრობთ ნიჭზე, რომელიც ხალხს უნდა აჩვენოთ. საერთოდ, არ მიყვარს, როდესაც ამბობენ, რომ ქართველები ყველაფერში ნიჭიერები ვართ. ყველაფერში ნიჭიერები არ ვართ, მაგრამ მუსიკაში, რა თქმა უნდა, ვართ. ეს ფენომენალურია!

ევა ბაბალაშვილი - მინდა გისურვო, რომ ისევე ღირსეულად გაიარო ეს ცხოვრება, როგორც მამაშენმა გაიარა, და რომ შენს შემოქმედებაში და საქმიანიბაში არ ყოფილიყოს იმედგაცრუება. გისურვებ წარმატებას და მადლობა, რომ გვეწვიე. ეს იყო გადაცემა „წახნაგები“ ევა ბაბალაშვილთან ერთად და ჩვენთან სტუმრად იყო ზუკა ხუციშვილი.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: