ამერიკული კულტურის ცენტრმა არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ განაცხადა. დამფუძნებლების ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაცია აშშ-სა და საქართველოს შორის კულტურული კავშირის განვითარების მიზნით შეიქმნა. მისი დამფუძნებლები ინგლისურ ენოვანი გაზეთ „The FINANCIAL“-ის მთავარი რედაქტორი ზვიად ფოჩხუა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქავგილი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ-გაზეთ ,,მეტრონომის“ მთავარი რედაქტორი გენო ჯოხიძე არიან.
ცენტრმა დონორების მხარდაჭერა ამერიკული ღირებულებების, კულტურის, ტრადიციების, ასევე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული ეკონომიკური სამხედრო დახმარების, ასევე უსაფრთხოების და დემოკრატიის განვითარების სფეროში მხარდაჭერის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებისთვის უნდა გამოიყენოს.
აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის სამომავლო გეგმების და მიზნების შესახებ გადაცემაში ,,თქვენი მოსაზრება“ ამერიკული ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად ფოჩხუა საუბრობდა.

რა არის ამერიკული კულტურის ცენტრის მიზანი?

-მიზანია ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაღრმავება, ამის მიღმა სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება, ამერიკული კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება რათა კულტურული ღირებულებების გაცნობა უკეთ მოხდეს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ რეალურად საქართველოსთვის ამერიკა არის ყველაზე გავლენიანი და სანდო პარტნიორი თითქმის ყველა დარგში და განსაკუთრებით უსაფრთხოების კუთხით.
რა სახის ღონისძიებებს გეგმავთ?

-უმეტესი ნაწილი მაინც არის კულტურული ღონისძიებები. ჩვენ ასევე ჩადებული გვაქვს საინფორმაციო პროექტები, ანუ ინფორმაციის გავრცელება მოსახლეობაში თვითონ ამერიკის ინტერესების შესახებ რეგიონში. ასევე მთავარი ნაწილი ეთმობა ეკონომიკურ პროექტებს. მთელი მსოფლიო, და მათ შორის საქართველო, არის ცრუ სიახლეების დარტყმის ქვეშ რუსეთის მხრიდან და ხშირად ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავდით რომ ანტიდასავრული ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება გარკვეული ქვეყნების მხრიდან.
ამ ცენტრის მთავარი ფუნქცია, რომელიც ასევე მინდა საზოგადოებას ავუხსნა, არის ის რომ სწორედ მათ ქონდეთ ინფორმაცია და, რაც მთავარია, ზუსტი ინფორმაცია, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ.

რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში ასეთი ცენტრის არსებობა?

-მე ვფიქრობ რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დღეს იმ ფონზე, რაც ჩვენ ვახსენეთ. სამწუხაროდ ვიმყოფებით არამეგობრული მეზობლის გვერდით და ვართ მუდმივად საფრთხის ქვეშ, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რადგან ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
როდიდან იწყებთ აქტიურ მოღვაწეობას?

მუშაობა უკვე დავიწყეთ, მაგრამ ოფიციალური წარდგენა მარტის ბოლოს იქნება. ბუნებრივია აქტიური საქმიანობაც, შესაბამისად, მარტიდან დაიწყება.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: